ქვეყნის მთავარი გამოწვევები და საფრთხეები - პარლამენტი 3 საათია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელს უსმენს. ამ წუთებში სხდომა დახურულია და კითხვა პასუხის რეჟიმში მიმდინარეობს.
სუს-ის ხელმძღვანელის განცხადებით, ქვეყნის მთავარ გამოწვევად კვლავ რუსული ოკუპაცია და საინფორმაციო ომი რჩება. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გრიგოლ ლილუაშვილმა განაცხადა, რომ ხელისუფლებამ უნდა აწარმოოს დიალოგი "ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან", თუმცა სიფრთხილეა საჭირო, რომ პასუხისმგებლობა არ აიცილოს ძალამ, რომელიც "რეალურად ახორციელებს დღესდღეობით ეფექტურ კონტროლს."
"ყველაზე დიდი გამოწვევა, რაც რეგიონალურ ჭრილში ჩვენ წინაშე, იდგა ეს იყო ჩვენს მეზობლად არსებული კონფლიქტი, ყარაბაღს ვგულისხმობ. მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების ფონზე საქართველოს წინააღმდეგ მიმდინარეობდა ე.წ. საინფორმაციო ომი. საინფორმაციო ომის ფარგლებში შეეცადნენ გაეღვივებინათ შუღლი როგორც ეთნიკურ ისე რელიგიურ ნიადაგზე. ამას თან დაერთო მიზანმიმართული საინფორმაციო დამაზიანებელი კამპანია ჩვენი სამსახურის და ზოგადად სამართალდამცავი უწყებების მიმართებით, რომელთაც აქტიურად ემსახურებოდნენ ჩვენდა სამწუხაროდ ჩვენი მასმედიის ძალიან ბევრი წარმომადგენელი," - განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა.
საკანონმდებლო ორგანოში პარტია "სტრატეგია აღმაშენებლისა" და "ლელოს" წარმომადგენლები იმყოფებოდნენ, თუმცა მათ სუს-ის ანგარიში არ მოუსმენიათ და განცხადებები სხდომათა დარბაზს გარეთ გააკეთეს. მათ სუს-ის საქმიანობა გააკრიტიკეს. ოპოზიციონერები აცხადებენ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ჯაშუშური სქემის გამოსავლენად არაფერს აკეთებს და რუს აგენტებს არ აკავებს.
"მოქალაქეების" თავმჯდომარის ალეკო ელისაშვილის განცხადებით, სუს-თან მიმართებაში მათ უამრავი კითხვა გააჩნიათ რუსულ აგენტურასთან დაკავშირებით, თუ რამდენად ეფექტურად იბრძვის უწყება და რას აკეთებენ უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძის ცხინვალის ციხიდან გამოსახსნელად.
როგორც პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე ბექა დავითულიანი აცხადებს, მას აინტერესებს შეცვლილ გეოპოლიტიკურ ცხოვრებაში რა რისკებია წამოსული პირველ პლანზე.
"არც ის არის საზომი რამდენ აგენტს დაიჭერ ქვეყანაში იმისთვის კარგად იმუშავე თუ არა. შეიძლება აგენტს არასწორი ინფორმაცია მიაწოდო იმისთვის, რომ სხვა ქვეყნის სპეცსამსახური დააბნიო და მილიონი ასეთი მეთოდი არსებობს," - განაცხადა ბექა დავითუალიანმა.