რატომ ვერ იქნება გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატი ნიკა მელია - "ღამის კურიერში" გიორგი ვაშაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომ ის მხარს არ დაუჭერს მერობის კანდიდატად ნიკა მელიას კანდიდატურას, "ნაციონალურ მოძრაობაში" მწვავე რეაქცია მოჰყვა.
თავად გიორგი ვაშაძემ კი, დღეს თავისივე განცხადება კიდევ ერთხელ განმარტა და თქვა, რომ არჩევნებში "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატისთვის მხარდაჭერა "მარცხის ფორმულა იქნება".
"თუ ოპოზიციიდან ყველა, მერობის არჩევნებზე "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატს დავუჭერთ მხარს, ეს მარცხის ფორმულაა. მე გამარჯვების ფორმულა მინდა. მიშა-ბიძინას დაპირისპირებაში, სამწუხაროდ ვიცით როგორც მთავრდება არჩევნების შედეგი - ბიძინა იმარჯვებს. ამიტო, ჩვენ უნდა შევქმნათ მძლავრი მესამე ცენტრი, რომელიც კანდიდატურას დააყენებს. მზად ვარ ჩემი პერსონალური ამბიცია უკან გადავწიო და საერთო მძლავრ კანდიდატს დავუჭირო მხარი და არ ჩავსვა ჩემი თავი კონკურენტად ამ მსჯელობაში," - აცხადებს "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე.
გუშინ, "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა "ღამის კურიერში" განაცხადა, რომ დიდი ალბათობით, ნიკა მელიას მისი პოლიტიკური ძალის მხარდაჭერა არ ექნება.