17 ნოემბერი 2024,   03:37
ვრცლად
ქვეყანაში მოქმედი უქმე დღეების გამო პარლამენტში ამნისტიის კანონპროექტის განხილვა 10 დღით გადაიდება

ეპიდვითარება აისახება პოლიტიკაზეც - ქვეყანაში უქმე დღეებია, რაც იმას ნიშნავს, რომ დაახლოებით 10 დღით გადაიდება პარლამენტში ამნისტიის საკითხის განხილვა. წესით, ორივე კანონპროექტზე მსჯელობა კომიტეტების ფორმატში ამ კვირაში უნდა დაწყებულიყო. სანამ პარლამენტი მუშაობას განაახლებს, მხარეები ისევ დოკუმენტებს შორის ძირითად განსხვავებებზე მიუთითებენ.

"რაც შეეხება ჩვენს კანონპროექტს, ის შეიძლება ითქვას, რომ აბსოლუტური სიზუსტით ასახავს იმ შეთანხმებას, რომელიც მიღწეული იქნა. გაჟღერდა ინიციატივა საგამოძიებო კომისიის შექმნისაც, მაგრამ ჩვენი პოზიცია არის, ვფიქრობ, ნათელი, რომ ერთადერთი კანონპროექტი, რომელსაც ჩვენ მხარს დავუჭერთ, ეს არის ის კანონპროექტი, რომელიც ჩვენ დავარეგისტრირეთ. თუ რაიმე შეჯერებული პოზიციის ჩამოყალიბება მოხერხდება პარლამენტში სამუშაო პროცესში, შესაბამისად, გადავხედავთ ჩვენს პოზიციას," - განაცხადა პარლამენტის წევრმა სალომე სამადაშვილმა.

პარტია "სტრატეგია აღმაშენებელის" პოლიტსაბჭოს წევრის, სერგო ჩიხლაძის განცხადებით, ერთადერთი, რაზეც მხარეები შეთანხმებული არიან, არის ის, რომ ე.წ. კონვენციით დაცული მუხლები, რაც მოიაზრებს წამებას, არაადამიანურ მოპყრობას და განზრახ მძიმე ფიზიკური დაზიანების მიყენებას, არც ერთ კანონპროექტში არ იქნება.

პარტია "ლელო საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრის, გრიგოლ გეგელიას თქმით, ორ კანონპროექტს შორის ფუნდამენტური განსხვავება არის ის, რომ "ქართული ოცნება" ცდილობს დამნაშავეები დაუსჯელად "გაძვრნენ", ხოლო ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ამნისტირება უნდა მოხდეს მხოლოდ კონკრეტული მუხლებით.

ენმ-ს წევრის, გიორგი ხვედელიანის განცხადებით, ნიკა მელია ევროკავშირის მიერ გადადგმულ ნაბიჯს და გაკეთებულ შეთავაზებას აფასებს, ხოლო რა შედეგი მოჰყვება ამას, ხვალ გახდება ცნობილი. ენმ-სთვის ამნისტიის კანონპროექტი არის მიუღებელი.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, ხელისუფლების მიერ ინიცირებული კანონპროექტი ზუსტად პასუხობს იმ პათოსს და პრინციპებს, რომელიც შარლ მიშელის დოკუმენტში არის მითითებული. მისივე თქმით, ოპოზიციის მიერ ინიცირებულ კანონპროექტშიც იგივე პრინციპებია და ერთადერთი განსხვავება, რომელიც ოპოზიციამ ჩადო თავის კანონპროექტში, ეს დაზარალებულების თანხმობაა.

დღის ამბები