საქართველო ტურისტებისთვის "უსაფრთხო სასტუმროს" და "უსაფრთხო რესტორნის" შეთავაზებას გეგმავს. ეს ყველაფერი მას შემდეგ გახდება შესაძლებელი, რაც ტურიზმის, მასპინძლობისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის სექტორში დასაქმებული მოქალაქეები აიცრებიან. ვაქცინაციის პროცესის დაწყებამდე პრიორიტეტებად დასახელებულმა სექტორებმა იმ თანამშრომელთა ბაზები უნდა შეადგინონ, რომელთაც აცრა სურთ, ამის შემდეგ კი ჯანდაცვის უწყება აცრებს დაჩქარებულ რეჟიმში იმ ვაქცინებით დაიწყებს, რომლებიც ქვეყანას ამ ეტაპისთვის აქვს.
ტურისტების გარდა, შეღავათებით შესაძლებელია, ისარგებლონ იმ მოქალაქეებმაც, რომლებიც აიცრებიან და ე.წ. მწვანე პასპორტს მიიღებენ. მწვანე პასპორტიანების რიგებში ერთ-ერთ პირველ ადგილს, სავარაუდოდ, საზოგადოებრივი ტრანსპორტის პერსონალი დაიკავებს. აცრას გეგმავენ ისინიც, ვინც ქვეყნის მართვასა და ქვეყანაში კანონების შექმნაზეა პასუხისმგებელი.
სამწუხაროდ, პრიორიტეტულ ჯგუფებში, ჯერჯერობით, ვერ მოხვდნენ ჯარისკაცები, პოლიციელები, მაშველები და ჟურნალისტები, რომლებიც კოვიდთან ბრძოლის წინა ხაზზე არიან, პოლიტიკოსებისგან განსხვავებით.
აცრილებისა და ე.წ. მწვანე პასპორტის მქონეთათვის შეღავათებს შორის შესაძლოა, იყოს საღამოს 9 საათის შემდეგ გადაადგილების შეზღუდვის გაუქმებაც. საკოორდინაციო საბჭო ამას ერთ-ერთ საკითხად განიხილავს. არსებობს პროგნოზი, რომ ეს ფაქტორი მოქალაქეებს მეტ მოტივაციას გაუჩენს და მასობრივ ვაქცინაციას წაახალისებს. პროცესის წახალისებას შეეცდებიან თავად ამ გადაწყვეტილების მიმღები პირებიც.
სექტორული ვაქცინაციის პროგრამის წარდგენისას დაანონსდა, რომ უახლოეს დღეებში მთავრობისა და პარლამენტის წევრებიც საჯაროდ აიცრებიან.