სერბეთის მოქალაქეებს, რომლებიც COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრებიან, ხელისუფლება 25 ევროს გადახდას ჰპირდება. ინფორმაციას ამის შესახებ euronews-ი ავრცელებს. სერბეთის პრეზიდენტის ალექსანდრ ვუჩიჩის თქმით, ამ ინიციატივის მიზანს გამოჩენილი პასუხისმგებლობის გამო მოქალაქეების დაჯილდოება წარმოადგენს.
16 წელს ზემოთ მოქალაქეები, რომლებმაც უკვე გაიკეთეს 1 ან 2 დოზა, ან 31 მაისამდე თუნდაც ერთი დოზით აიცრებიან ერთჯერადად 3000 დინარს (25 ევროს) მიიღებენ. ეს თანხა ქვეყანაში არსებული საშუალო ხელფასის თითქმის 5%-ია.
"ჩვენ ვფიქრობდით, როგორ დაგვეჯილდოვებინა ადამიანები, რომლებმაც გამოიჩინეს პასუხისმგებლობა და გადავწყვიტეთ დამატებითი ფინანსური დახმარება მიგვეცა მათთვის, ვინც ვაქცინა გაიკეთა," - განუცხადა პრეზიდენტმა ჟურნალისტებს ბელგრადში. ვუჩიჩის თქმით, ვაქცინაციაზე უარის თქმა უპასუხისმგებლობა და ეგოისტობაა, თუმცა ამ ადამიანების მიმართ რაიმე შეზღუდვის დაწესება გამორიცხა.
ამავე დროს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საჯარო სექტორში დასაქმებულ იმ პირებს, რომლებიც ვაქცინირებული არ იქნებიან და კორონავირუსი დაემართებათ, სახელმწიფო სამედიცინო ხარჯებს აღარ აუნაზღაურებს.
ფულადი ჯილდოს გაცემის ინიციატივა, რომელიც მსოფლიოში ჯერჯერობით პირველია, მიზნად ისახავს სერბეთში იმუნიზაციის კამპანიის აღორძინებას, შემცირებული საზოგადოებრივი ინტერესისა და მზარდი სკეპტიციზმის ფონზე.
ვუჩიჩმა ასევე იმედი გამოთქვა, რომ მაისის ბოლოს სერბეთის მოსახლეობის არანაკლებ 55% აცრილი იქნება კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის თუნდაც ერთი დოზით.
ამ ეტაპზე სერბეთის მოსახლეობის 22% უკვე აცრილია ორჯერადად, რაც ბევრად აღემატება ევროკავშირის საერთო მაჩვენებელს - 9%-ს.
ბალკანეთის ამ ქვეყანას შეძენილი აქვს მილიონობით დოზა ვაქცინა, მათ შორის რუსული Sputnik V და ჩინური Sinopharm, რომლებიც ჯერჯერობით არაა ევროკაშირის მიერ დამტკიცებული.