17 ნოემბერი 2024,   03:17
ვრცლად
ნიკა მელიას ევროპული გირაო - რა გამოხმაურება მოჰყვა ენმ-ს ლიდერის მოსალოდნელ გათავისუფლებას პოლიტიკურ სპექტრში

ნიკა მელიას გირაო გადახდილია - თანხა 40 000 ლარი European Endowment for Democracy-იმ გამოყო. ევროკავშირის მხრიდან გირაოს გადახდას, მისი უკანონო პატიმრობის აღიარებად მიიჩნევენ "ნაციონალურ მოძრაობაში". პარტიაში ფიქრობენ, რომ მას შემდეგ რაც ნიკა მელია დატოვებს საპატიმროს, ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში ბევრი რამ შეიცვლება მათ შორის სავარაუდოდ სწორედ ნიკა მელიასთან ერთად მიიღებს ენმ გადაწყვეტილებას, შეუერთდებიან თუ არა შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტს, რომელიც ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის მოგვარებას ისახავს მიზნად.

ნუგზარ წიკლაური ევროკავშირს და ნიკა მელიას საკითხის მოგვარებაში ჩართულ სხვა ორგანიზაციებს და ადამიანებს მადლობას უხდის და ევროკავშირის მხრიდან გირაოს გადახდას სოლიდარობის ნაბიჯად აფასებს. მისი თქმით, ამ პროცესებმა დაადასტურა, რომ ნიკა მელიას პატიმრობა იყო პოლიტიკური.

"ევროპული საქართველოს" ლიდერის გიგა ბოკერიას შეფასებით, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ  ივანიშვილის ხელისუფლების მთავარი ინსტრუმენტი პოლიტიკური დევნაა და ნიკა მელიაც და გიორგი რურუაც პოლიტიკური პატიმრები იყვნენ. გიგა ბოკერიას თქმით, როდესაც განაცხადი გაკეთდა, რომ ევროკავშირი მზადაა გირაოს გადასახდელად ამან უკვე დოკუმენტურად დაადასტურა ქვეყანაში პოლიტპატიმრების არსებობა.

ევროკავშირის მიერ გადახდილი გირაოს საფუძველზე ნიკა მელიას მოსალოდნელ გათავისუფლებას სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი შარლ მიშელის ევროპული თანხმობის დოკუმენტზე ხელმოწერის შედეგად აფასებს. გიორგი ვაშაძეს მოლოდინი აქვს, რომ ამ პროცესების შემდეგ "ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტში შევა.

ევროკავშირის მხრიდან გირაოს გადახდას, მათ მიერ ნიკა მელიას პოლიტპატიმრად აღიარებს უწოდებს "ლელოს" წევრი გრიგოლ გეგელია და ამბობს, რომ ევროკავშირი დამნაშავეს არ გადაუხდიდა გირაოს.

"ეს არის "ქართული ოცნებისთვის" გაწნილი სილა," - აცხადებს გრიგოლ გეგელია.

"გირჩის" წევრი ალექსანდრე რეხვიაშვილი  ამბობს, რომ ნიკა მელიას გათავისუფლების შემდეგ "ნაციონალურ მოძრაობას" პარლამენტის გარეთ ყოფნისთვის ნაკლები არგუმენტი დარჩება და ნიკა მელიას ჩათვლით პარლამენტში შევლენ.

რაც შეეხება "ქართულ ოცნებას", ევროკავშირის მიერ ნიკა მელიასთვის გირაოს გადახდას მმართველ გუნდში პოლარიზების შემცირებისთვის გადადგმულ მეგობრულ ნაბიჯად აფასებენ.

მმართველი პარტიის წევრი გივი მიქანაძე არ ეთანხმება ოპოზიციის შეფასებას, იმასთან დაკავშირებით, რომ გირაოს გადახდამ ნიკა მელიას, როგორც პოლიტპატიმრის სტატუსი გაამყარა.

ნიკა მელიას პოლიტპატიმრად შეფასებას არ ეთანხმება არც მიხეილ ყაველაშვილი, ისიც ამბობს, რომ გადახდილი გირაო, დაძაბული პოლიტიკური ვითარების დასრულებას ემსახურება და არა ნიკა მელიას პოლიტპატიმრად აღიარებას.

დღის ამბები