17 ნოემბერი 2024,   03:17
ვრცლად
გირაოს არგადახდისთვის პატიმრობაში მყოფი ნიკა მელია, ციხეს ევროპული გირაოს მეშვეობით ტოვებს - რა მოლოდინებია პოლიტიკურ ველზე

გირაოს არგადახდისთვის პატიმრობაში მყოფი ნიკა მელია, ციხეს საბოლოოდ მაინც გირაოს გადახდის გზით დატოვებს.

თანხა, რომელიც ევროპულმა ფონდმა გამოყო, საიას გადმოურიცხეს, ქართულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ კი 40 ათასი ლარი ბიუჯეტში უკვე შეიტანა. ახლა ჯერი პროკურატურაზეა, რომელმაც მელიას გირაოთი გათავისუფლების შუამდგომლობით სასამართლოს უნდა მიმართოს.

ყველა ამ პროცედურის დასრულების შემდეგ, ნიკა მელიას საკნის კარი გაიღება, თუმცა, ეს ამ საკითხის ბოლომდე მოგვარებას მაინც არ ნიშნავს. ჯერ კიდევ უცნობია, რას გადაწყვეტს პარლამენტი საბოლოდ 20 ივნისის მოვლენებში მონაწილე პირთა ამნისტირების შესახებ.

ნიკა მელიასთვის გირაოს გადახდას ევროკავშირის მხრიდან მისი უკანონო პატიმრობის აღიარებად მიიჩნევს "ნაციონალური მოძრაობა". პარტიაში ფიქრობენ, რომ ლიდერის საპატიმროდან გამოსვლის შემდეგ ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში ცვლილებები გარდაუვალია. თუმცა, "ნაციონალურ მოძრაობაში" დღეს არ აკონკრეტებენ რამდენად შეიცვლის პარტია პოზიციას ამნისტიის კანონთან დაკავშირებით და შეუერთდება თუ არა მიშელის დოკუმენტს.

ევროკავშირის წარმომადგენლობა მელიას საკითხის გადაწყვეტას ყველა სოციალურ პლატფორმაზე გამოეხმაურა. ევროპელი პარტნიორების აზრით, ამ ნაბიჯის შემდეგ პოლიტიკურმა ცხოვრებამ საკანონმდებლო ორგანოში უნდა გადაინაცვლოს. როდის მიმართავს პროკურატურა ნიკა მელიას საქმეზე სასამართლოს ჯერჯერობით უცნობია.

დღის ამბები