17 ნოემბერი 2024,   03:53
ვრცლად
ევროკავშირი რომ იხდის გირაოს, კიდევ ერთი დადასტურებაა, რომ ქვეყანას ჰყავს პოლიტპატიმრები - სერგო ჩიხლაძე

როდის გამოვა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია ციხიდან - ევროკავშირმა გირაო ჩარიცხა, ახლა ჯერი პროკურატურაზეა. უწყებამ სასამართლოს უნდა მიმართოს და მოითხოვოს აღკვეთის ღონისძიების შეცვლა, ამიტომ, პოლიტიკოსის გათავისუფლების ზუსტი ვადები უცნობია.

თუმცა, თბილისში "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის გათავისუფლებას უახლოეს დღეებში ელოდებიან. პარტიის წევრები ამბობენ, რომ ნიკა მელიას გათავისუფლების შემდეგ გადაწყვეტენ, შევლენ თუ არა პარლამენტში. 

"სამწუხაროა, რომ "ქართული ოცნება" მაქსიმალურად ცდილობს კრიზისის გაღრმავებას და ახლაც კი, როცა კრიზისი დასასრულისკენ მიდის, ცდილობს ისევ ჩახლართოს და ინტრიგებით ახსნას, რატომ მოხდა "ქართული ოცნების" მხრიდან, ფაქტობრივად, ევროკავშირის დარეკეტება.

იმისათვის, რომ ხელი მოეწეროს ამ საბუთს, საჭიროა, ნიკა მელია იყოს გარეთ და შემდეგ ჩვენ გვექნება მასთან კონსულტაციები და, რა თქმა უნდა, გადავწყვეტთ, რა იქნება "ნაციონალური მოძრაობის" შემდეგი ნაბიჯები,"-აცხადებს ენმ-ს წევრი ნონა მამულაშვილი. 

სტრატეგია აღმაშენებლის" წევრის, სერგო ჩიხლაძის თქმით, ევროკავშირის მხრიდან გირაოს გადახდა, ფაქტობრივად, ნიკა მელიას პოლიტპატიმრად აღიარებაა. 

"ევროკავშირი რომ იხდის გირაოს პატიმრის, პირდაპირ ვთქვათ, გამოსასყიდს, ეს კიდევ ერთი დადასტურებაა, რომ ქვეყანას ჰყავს პოლიტპატიმრები და ეს არის სილის გაწნა "ქართული ოცნებისთვის".

"ნაციონალური მოძრაობის" ბევრ ლიდერს გაცხადებული აქვს, რომ მელიას გამოსვლის შემდეგ შემოვლენ პარლამენტში, ამასვე მოუწოდებს მათ მესამე პრეზიდენტი. შესაბამისად, შემიძლია ვთქვა 90%-იანი ალბათობით, რომ ნაციონალური მოძრაობაც შეუერთდება პარლამენტს,"-აცხადებს ჩიხლაძე.

"გირჩის" წევრი ალექსანდრე რაქვიაშვილი დარწმუნებულია, რომ ნიკა მელიას გათავისუფლების შემდეგ "ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტში შევა. 

"არანაირი საფუძველი არ იქნება, რომ ბოიკოტი გავაგრძელოთ ან დაპირისპირება. ერთადერთი ნორმალური გზა, რომელიც გვექნება - ყველამ ერთად პარლამენტში ვიმუშაოთ. მე ადრეც არ მესმოდა, რატომ არ შეუერთდა "ნაციონალური მოძრაობა", მაგრამ ახლა, როცა ნიკა მელია გამოვა ციხიდან, უკვე არანაირი არგუმენტი არ რჩება და, დარწმუნებული ვარ, "ნაციონალური მოძრაობა" ხელსაც მოაწერს და პარლამენტშიც შემოვა,"-აცხადებს ალექსანდრე რაქვიაშვილი. 

დღის ამბები