17 ნოემბერი 2024,   04:32
ვრცლად
ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ყველა პლატფორმა რეჟიმთან ბრძოლაში, მათ შორის საპარლამენტო პლატფორმა - თინა ბოკუჩავა

საპარლამენტო საქმიანობის დაწყებასთან დაკავშირებით "ნაციონალურ მოძრაობაში" აზრთა სხვადასხვაობაა. ნაწილი მათგანი ფიქრობს, რომ პარტიამ ყველა პლატფორმა უნდა გამოიყენოს რეჟიმთან ბრძოლისთვის.

"პირადი პოზიცია არის ის, რომ ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ყველა პლატფორმა რეჟიმთან ბრძოლაში, მათ შორის საპარლამენტო პლატფორმა. მე ვფიქრობ, რომ ქუჩა არ გამორიცხავს საპარლამენტო მუშაობას და საპარლამენტო ქუჩას. ყველა პლატფორმა არის გამოსაყენებელი მთავარი და ყველაზე მძლავრი ოპოზიციური პარტიისთვის," - განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა თინა ბოკუჩავამ.

ლევან ხაბეიშვილისთვის მიუღებელია შეთანხმების იმ დოკუმენტზე ხელმოწერა, რომელიც ისეთ ამნისტიას გულისხმობს, სადაც 20 ივნისის აქციის მონაწილეები და დამნაშავე სამართალდამცავები გათანაბრებულები არიან:

"იმ დოკუმენტზე ხელმოწერას, სადაც ამნისტიაში ფაქტობრივად ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეები გათანაბრებულები არიან ფაქტობრივად ჯალათებთან, ჩვენ ამას არ და ვერ ვემხრობით და მგონია, რომ ხელმოწერა არ უნდა მოხდეს. საბოლოო ჯამში, გადაწყვეტილებას მაინც მიიღებს პოლიტიკური საბჭო," - აღნიშნა ლევან ხაბეიშვილმა.

შეგახსენებთ, "ნაციონალური მოძრაობის" პარლამენტში შესვლის საკითხი მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც პარტიის თავმჯდომარე საპატიმროდან ევროკავშირთან დაკავშირებული ფონდის მიერ გადახდილი გირაოს მეშვეობით გამოვიდა. ნიკა მელიასა და გიორგი რურუას გათავისუფლება ერთ-ერთ საკვანძო საკითხს წარმოადგენდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მედიაციით შექმნილ შეთანხმების დოკუმენტში. დოკუმენტში საარჩევნო და მართლმსაჯულების საკითხების გარდა არის ამნისტიის საკითხიც, რომელიც 20 ივნისის მოვლენებში მონაწილე პირების ამნისტირებას გულისხმობს როგორც აქციის მონაწილეების, ასევე სამართალდამცველების მხრიდან.

დღის ამბები