23 ივნისი 2021,   06:54
ვრცლად
გიგი უგულავა სტრასბურგში ჩივის - რა წერია სარჩელში “უგულავა საქართველოს წინააღმდეგ“

ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა სტრასბურგში ჩივის. საჩივარი სახელწოდებით - "გიორგი უგულავა საქართველოს წინააღმდეგ“ ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოში 2020 წლის 29 მაისს არის შეტანილი. 

ევროსასამართლოში გიგი უგულავას ინტერესებს იურისტები - სანდრო ბარამიძე, შალვა შავგულიძე და ბექა ბასილაია წარმოადგენენ. 

საქართველოს სახელმწიფომ, იუსტიციის სამინისტროს სახით, აღნიშნულ სარჩელზე საკუთარი პოზიცია მიმდინარე წლის 15 სექტემბრამდე უნდა წარადგინოს. 

საჩივარი ეხება გიგი უგულავას მიმართ წარმოებულ ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმეს, რომლის ფარგლებშიც მას ბრალი დაედო 5 სხვა პირთან ერთად დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვაში - ე.წ. "თბილისის განვითარების ფონდის ეპიზოდი“. 

კერძოდ, პროკურატურის თანახმად, 2012 წლის არჩევნებამდე უგულავამ და მის დაქვემდებარებაში მყოფმა 5-მა პირმა თბილისის განვითარების ფონდში დაასაქმეს და ხელფასს უხდიდნენ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტებს. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 28 თებერვლის განაჩენით ბრალი გადაკვალიფიცირდა და მომჩივანი დამნაშავედ იქნა ცნობილი სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების (სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლი) ჩადენაში. განაჩენი დარჩა უცვლელი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 10 დეკემბრის გადაწყვეტილებით. განაჩენი პროკურატურის მიერ გასაჩივრდა უზენაეს სასამართლოში. პროკურატურა ითხოვდა მომჩივნის ბრალის გადაკვალიფიცირებას ბრალის დადგენილებით გათვალისწინებულ დანაშაულზე (182-ე მუხლი).

2020 წლის 30 იანვარს უზენაესმა სასამართლომ შემდეგი შემადგენლობით: გაბლიშვილი, თადუმაძე და შავიშვილი მიიღო გადაწყვეტილება პროკურატურის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის თაობაზე. მომჩივნის განცხადებით, იმ პირობებში როდესაც მოსამართლე გაბლიშვილს განსახილველად ჰქონდა 300-ზე მეტი საქმე, ხოლო მოსამართლე თადუმაძე საქმის განმხილველ პალატას შეუერთდა გადაწყვეტილების მიღების დღეს (30 იანვარს), ჩნდება ეჭვი, რომ უზენაესმა სასამართლომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობაზე იმსჯელა დაჩქარებული წესით, ისე რომ არ იცნობდა საქმის გარემოებებს სრულად.

გიგი უგულავა სტრასბურგის სასამართლოსგან ითხოვს ევროკონვენციის რამდენიმე მუხლის დარღვევის აღიარებას. სასარჩელო მოთხოვნაში ჩამოთვლილია ეს მუხლები:

1. კონვენციის მე-5 მუხლი (თავისუფლების და უსაფრთხოების უფლება) - მომჩივანი აცხადებს, რომ მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა სასამართლოს ისეთმა შემადგენლობამ რომელიც ვერ იქნება მიჩნეული „კანონის საფუძველზე მოქმედ ტრიბუნალად“. შესაბამისად, აღნიშნული განაჩენის საფუძველზე მისი პატიმრობა არის უკანონო.

2. მე-7 ოქმის მე-4 მუხლი (ორჯერ დასჯის აკრძალვა) - მომჩივნის განცხადებით, „თბილსერვისჯგუფის ეპიზოდისა“ და „თბილისის განვითარების ფონდის ეპიზოდის“ ფარგლებში წარდგენილი ბრალი მიჩნეულ უნდა იქნეს ერთიან განგრძობად დანაშაულად, რადგან ქმედებები, რომელთა ჩადენაც მას ბრალად ედება წარმოადგენს „ერთიანი მიზნითა და საერთო განზრახვით ჩადენილ ორ ან მეტ ქმედებას“ (სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-14 მუხლი (განგრძობადი დანაშაული)). შესაბამისად, რამდენადაც „თბილსერვისჯგუფის ეპიზოდის“ ნაწილში მის მიმართ უკვე დადგა გამამტყუნებელი განაჩენი, რომელიც მომჩივანმა სრულად მოიხადა, დაუშვებელი იყო მისი ხელახლა მსჯავრდება.

3. კონვენციის მე-5 მუხლის დარღვევა კონვენციის მე-18 მუხლთან (უფლებების შეზღუდვათა გამოყენების ფარგლები) ერთობლიობაში - მომჩივანი აცხადებს, რომ მის დაკავებას უკანონო „ტრიბუნალის“ კანონსაწინააღმდეგო განაჩენის საფუძველზე გააჩნია არა სამართლებრივი არამედ პოლიტიკური მოტივი.

 

ავტორი : მირიან ბოქოლიშვილი

დღის ამბები