17 ნოემბერი 2024,   03:44
ვრცლად
ამნისტიის ორივე კანონპროექტის ისე გაადამიანურება შეიძლება, რომ მასზე ხელის მოწერა ყველას შეეძლოს - იაგო ხვიჩია

პარლამენტი უქმეების შემდეგ ხვალიდან მუშაობას იწყებს - ბიუროზე დარეგისტრირდება ამნისტიის ორივე კანონპროექტი, რის მერეც ორივე ინიციატივა კომიტეტებზე გავა. ამ ეტაპზე პოზიციების შეჯერება ისევ ვერ ხერხდება.

პარლამენტის წევრის სალომე სამადაშვილის განცხადებით, ის საჯარო რიტორიკა, რაც ისმის "ქართული ოცნების" წარმომადგენლებისგან, უჩენს განცდას, რომ შეთანხმება იქნება რთული.

"თუმცა, თუ განხილვების პროცესში "ოცნება" საკუთარ პოზიციებს იმგვარად გადახედავს, რომ მოიყვანოს ისინი შესაბამისობაში მიშელის დოკუმენტის სულისკვეთებასთან, მაშინ ცხადია ჩვენ ჩვენი მხრიდან ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ კონსენსუსი შედგეს," - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

"სტრატეგია აღმაშენებლის" წევრის თეონა აქუბარდიას განცხადებით, პარტია ყველა შესაძლო გზას განიხილავს იმისთვის, რომ ის პრინციპები, რომელიც ამნისტიის კანონპროექტის ოპოზიციურ ვერსიაშია ასახული, იყოს უზრუნველყოფილი.

"გირჩის" თავმჯდომარე იაგო ხვიჩიასთვის, კანონპროექტის ის ვერსიაა მისაღები, რომელსაც უფრო მეტი კონსენსუსი ექნება.

"ორივე კანონპროექტის, რომელიც შეტანილია ისე გაადამიანურება შეიძლება, რომ მასზე ხელისმოწერა ყველას შეეძლოს, თუ რა თქმა უნდა ხელოვნურად არ ვიპოვით რაღაც საფუძვლებს იმისთვის, რომ ვიჩხუბოთ და შერიგების აქტი არ შედგეს," - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

პარლამენტის წევრისა და "მოქალაქეების" გენმდივნის ლევან იოსელიანის განცხადებით, ამნისტიის კანონპროექტებს შორის პრინციპების დონეზე სხვაობა არ არის.

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ნიკოლოზ სამხარაძის განმარტებით, წინასწარი სამუშაო შეხვედრის დროს პოზიციები თითქმის შეჯერებული იყო და ამის წინააღმდეგ მხოლოდ შალვა შავგულიძის პარტია იყო. ის იმედოვნებს, რომ ამნისტიის კანონპროექტთან დაკავშირებით აღნიშნული ერთი პარტიის წინააღმდეგობა დაიძლევა და საკომიტეტო მოსმენებზე ერთიანი კანონპროექტის შემუშავებას შეძლებენ.

დღის ამბები