საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ისრაელში ლაშა ჟვანია აცხადებს, რომ დღევანდელი დღე შეიძლება იერუსალიმში არეულობის დღედ იქცეს.
"დღეს არის უდიდესი მუსლიმური დღესასწაული, დღევანდელი დღე შეიძლება იერუსალიმში არეულობის დღედ იქცეს და შეიძლება ექსტრემისტულმა ჯგუფებმა აიღონ ინიციატივა და ხალხის გარკვეული ნაწილის ამბოხება შეძლონ. ამისთვის ისრაელის პოლიცია და ჯარი მზად არის. პირობას გვაძლევენ, რომ ვითარება კონტროლს დაექვემდებარება,"- აცხადებს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ისრაელში ლაშა ჟვანია.
ისრაელში მცხოვრები ქართველები "კურიერს" უყვებიან, რომ ზოგიერთი ქალაქი ყოველ ნახევარ საათში იბომბება.
"ქალაქ აშდოთში, ბოლო ინფორმაციით, ერთი საათის წინ იყო ბოლო საგანგაშო ზარი, მაგრამ წუხელ იყო უმძიმესი ღამე ამ ქალაქისთვის და განსაკუთრებით ქალაქ აშკელონისთვის, სადაც ყოველ ნახევარ საათში ინტენსიური დაბომბვებია. ჩვენს ქალაქს საათ-ნახევარი, ორსაათიანი ინტერვალით ბომბავენ," - ისრაელში მცხოვრები ემიგრანტი.