შევა, თუ არ შევა "ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტში, - არ არის გამორიცხული პარტიამ შიდა გამოკითხვა ჩაატაროს. ისევე როგორც ეს თავმჯდომარის არჩევის შემთხვევაში მოხდა. პარტიაში ისევ აზრთა სხვადასხვაობაა.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი, გიორგი ბარამიძე აცხადებს, რომ დღევანდელი პარლამენტი არალეგიტიმურია, მიუხედავად იმისა, რომ იქ ოპოზიციის გარკვეული წარმომადგენლები შევიდნენ.
"არჩეული პარლამენტი არ არის ლეგიტიმური, რადგან არ გამოხატავს ქართველი ხალხის ნებას. ეს ასე იყო 6 თვის წინ და ასე არის ახლაც, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე პარტია რომელთა შორის ზოგიერთი შეცდა, ზოგიერთი გატყდა, ზოგიერთი გაიყიდა და შევიდა პარლამენტში. არა მგონია, ნაციონალურმა მოძრაობამ რომელიმესთან მიმართებაში ორიენტირი უნდა აიღოს," - აცხადებს გიორგი ბარამიძე.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი, ლევან ხაბეიშვილი ამბობს, რომ მეათე მოწვევის პარლამენტში საკუთარ თავს ვერ ხედავს, თუმცა ამბობს, რომ თუკი პარტიის წევრების უმრავლესობა შესვლას გადაწყვეტს, თავადაც დაემორჩილება.
"არალეგიტიმურ პარლამენტში საკუთარ თავს ვერ ვხედავ. გულწრფელად გეუბნებით, ამ კრიმინალურ დაჯგუფებასთან ერთად ვერც წარმომიდგენია ჩემი თავი, თუმცა ჩემთვის ეს წითელი ხაზი ვერ იქნება ჩემს კოლეგებთან მიმართებაში. რა გადაწყვეტილებასაც მიიღებს უმრავლესობა, დავემორჩილები იმ გადაწყვეტილებას და მეტსაც გეტყვით, წითელი ხაზი რაც ამ დრომდე ჩემთვის დარჩენილია, ეს არის დოკუმენტზე ხელის არ მოწერა, ანუ ამნისტიის არ გაზიარება," - აცხადებს ლევან ხაბეიშვილი.