17 ნოემბერი 2024,   03:36
ვრცლად
ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, ენმ პარლამენტში უნდა შევიდეს და საკითხზე ნიკა მელიასა და მიხეილ სააკაშვილის შეხვედრას აანონსებს

რა გადაწყვეტილებას მიიღებს "ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით, ეს სავარაუდოდ მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც ნიკა მელია მიხეილ სააკაშვილს შეხვდება.

შესაძლო შეხვედრის შესახებ უკვე გაკეთდა პირველი განცხადება.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი, ზაალ უდუმაშვილი არ გამორიცხავს, რომ შეხვედრა შედგეს და პარტიის ლიდერებმა საკუთარი პოზიციები გაცვალონ. გარდა ამისა, ზაალ უდუმაშვილი ამბობს, რომ იმ მოცემულობიდან გამომდინარე, რომელიც დღეს არის ქვეყანაში "ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტში უნდა შევიდეს. 

"კონტაქტი მუდმივად აქვთ ნიკა მელიას და მიხეილ სააკაშვილს და არ გამოვრიცხავ, რომ ასეთი შეხვედრაც შედგეს და მათ გაცვალონ თავიანთი პოზიციები. ასე რომ ეს ბუნებრივი პროცესია, როდესაც პარტიის თავმჯდომარე პარტიის ლიდერს ხვდება. მე ვფიქრობ, რომ "ნაციონალური მოძრაობა" უნდა შევიდეს პარლამენტში იმ მოცემულობიდან გამომდინარე, რომელიც დღეს არის ქვეყანაში. მოცემულობა მას შემდეგ შეიცვალა, რაც პარტიების ნაწილმა მოაწერა შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი და შესაბამისად, ჩვენ უკვე აღარ გვაქვს ერთპარტიული პარლამენტი. მე ვფიქრობ, რომ პარლამენტის ტრიბუნა დღეს "ნაციონალურმა მოძრაობამ" მაქსიმალურად უნდა გამოიყენოს," - განაცხადა ზალიკო უდუმაშვილმა.

რაც შეეხება სხვა ოპოზიციურ პარტიებს, მათი ნაწილი მიიჩნევს, რომ "ნაციონალური მოძრაობა" უნდა შეუერთდეს შარლ მიშელის შეთანხმებას და მუშაობა საკანონმდებლო ორგანოდან განაგრძოს. 

"ჩვენ მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, რომ ყველა საპარლამენტო პარტიამ მოაწეროს ამ შეთანხმებას ხელი და მისი პუნქტების შესრულებაზე უკვე პარლამენტის შიგნიდან გაგრძელდეს მუშაობა. აქ ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი კომპონენტია, დაწყებული საარჩევნო რეფორმით და დამთავრებული მართლმსაჯულების სისტემაში კონკრეტული ცვლილებები, რომელზე  მუშაობაც არის აუცილებელი, იმისათვის, რომ განიმუხტოს ეს კრიზისი,“ - აცხადებს საბა ბუაძე.

პოლიტიკური გაერთიანება "გირჩის" მმართველი საბჭოს წევრი, ალექსანდრე რაქვიაშვილი დარწმუნებულია, რომ "ნაციონალურ მოძრაობაში" გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. 

"რაღაც უცნაურ თამაშს წააგავს ეს. მე დარწმუნებული ვარ, რომ გადაწყვეტილება მიღებულია ნაციონალურ მოძრაობაში და დოკუმენტზე ხელის მოწერა უბრალოდ აუცილებელია იმ გაგებით, რომ დე-ფაქტო აღიარებული აქვს ნაციონალურ მოძრაობას, ყველა პუნქტი ამ დოკუმენტის და ცოტა უცნაური იქნება, რომ როცა ყველა პუნქტს აღიარებ და ყველა თანახმად იქცევი, თქვა რომ ხელი არ გაქვს მოწერილი," - აცხადებს ალექსანდრე რაქვიაშვილი.

დღის ამბები