"ასოცირებული ტრიოს" ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმებულია. ევროინტეგრაციის საკითხებზე შეთანხმებას ხელი საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას საგარეო საქმეთა მინისტრებმა კიევში მოაწერეს.
დოკუმენტის თანახმად სამივე ქვეყანა აღიარებს, რომ მათი საბოლოო მიზანი ევროკავშირის წევრობაა და შესაბამისი ვალდებულებების შესასრულებლად მზადყოფნას გამოთქვამენ. დავით ზალკალიანი უკრაინაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში პრეზიდენტ ზელენსკისაც შეხვდა.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტს უკრაინის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
"ნამდვილად მოხარულები ვართ მივიღოთ ასეთი ძვირფასი სტუმრები. უკრაინა ყოველთვის უჭერდა მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, ისევე როგორც საქართველო უჭერდა მხარს უკრაინას. ჩვენ ძალიან ბევრი რამ გვაერთიანებს, ვართ ახლო მეგობრებო, გვქონდა გარკვეული პაუზა ურთიერთობებში, მაგრამ ეს იყო ხელოვნურად შექმნილი და დარწმუნებული ვარ, რომ ეს ჩაბარდება წარსულს. გვქონდა საუბარი აპრილის თვეში საქართველოს პრეზიდენტთან, იმედი მქონდა, რომ ჩამოვიდოდა ვიზიტით, გარკვეული მიზეზებით ეს ვიზიტი ვერ შედგა, იმედი მაქვს რომ უახლოეს მომავალში გვესტუმრება ქალბატონი პრეზიდენტი უკრაინაში,"- აღნიშნავს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.