გაერთიანდებიან თუ არა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები თბილისის მერობის საერთო კანდიდატის გარშემო, ჯერაც უცნობია.
"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის, გიორგი ვაშაძისთვის გამარჯვების ფორმულა მესამე მიზიდულობის ცენტრის შექმნა და მერობის ერთიანი კანდიდატის დაყენებაა.
"მე ვემხრობი მხოლოდ და მხოლოდ გამარჯვების ფორმულას. გამარჯვების ფორმულა არის მესამე მძლავრი მიზიდულობის ცენტრის შექმნა და იქ საერთო კანდიდატი. თუ შეთანხმება იქნება, უნდა იყოს ყველაფერზე - სადღაც ვთანხმდებით, სადღაც არა - ნაკლული შეთანხმება იქნება. გულწრფელად გეუბნებით, რომ ჯერ ადრეა ამაზე მსჯელობა,"- აცხადებს გიორგი ვაშაძე.
"ლელოს" წარმომადგენლების თქმით, პარტია ამ საკითხზე ჯერ არ ჩამოყალიბებულა, თუმცა აცხადებენ, რომ მათი პარტიის მთავარი მიზანი არჩევნებში "ქართული ოცნების" დამარცხებაა.
"ამ ეტაპისთვის, ჩვენი პოზიცია იმის თაობაზე, თუ ვინ იქნება "ლელოს" მიერ მხარდაჭერილი მერობის კანდიდატი, ცნობილი არ არის და გარკვეული ხნის განმავლობაში არ იქნება. ჩვენთვის მთავარია, "ქართული ოცნება" ამ არჩევნებზე დამარცხდეს და "ლელოს" მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი ამყარებდეს იმ დამოუკიდებელ პოლიტიკურ ველს, რაც "ლელოსთვის" ყველაზე მნიშვნელოვანია,"- აცხადებს გრიგოლ გეგელია.
"გირჩის" წევრი იაგო ხვიჩია კი ფიქრობს, რომ თბილისის მერს დღეს ისეთი ფუნქციები აქვს, რომელიც არ სჭირდება და საჭიროა ისეთი კანდიდატი, ვინც ამ ფუნქციებს ჩამოიცილებს.
"მთავარი პრობლემა ისაა, რომ დედაქალაქის მერს აქვს ისეთი ფუნქციები, რომელიც მას არ სჭირდება. ჩვენ დედაქალაქის მერად გვჭირდება ისეთი ადამიანი, რომელიც ამ ფუნქციებს კარგად კი არ შეასრულებს და კიდევ უფრო მეტს კი არ მოითხოვს, არამედ ამ ფუნქციების ჩამოცილებაზე დაიწყებს მუშაობას და, ნელ-ნელა გავა ადამიანის ცხოვრებიდან, სადაც ეს შესაძლებელია," - აცხადებს იაგო ხვიჩია.
შეგახსენებთ, რომ დღეს "გირჩი-მეტი თავისუფლებას" ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, რომ, სავარაუდოდ, თბილისის მერის არჩევნებზე საკუთარ კანდიდატურას დააყენებს.