04 მაისი 2024,   16:03
ვრცლად
ათასობით რაკეტა და ასეულობით მსხვერპლი - ევროკავშირი და აშშ ისრაელსა და პალესტინას ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდებენ

ოპერაცია "კედლების მცველი" გრძელდება. ისრაელი ცეცხლის შეწყვეტას არ აპირებს. დღეს პრემიერმა ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ "ცაჰალის" სამხედრო ოპერაცია და სარაკეტო იერიშები ღაზის სექტორზე კიდევ რამდენიმე დღე გაგრძელდება. მარტო ერთ კვირაში ისრაელის მიმართულებით გაშვებულია 3 150 რაკეტა, ამიტომ თელ-ავივი აცხადებს, რომ კიდევ ათასობით პოტენციური სამიზნეა გასანადგურებელი.

ახლო აღმოსავლეთში შექმნილ ვითარებაზე ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა იმსჯელეს. ევროკავშირი ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტასა და მშვიდობისთვის გრძელვადიანი ინიციატივის აუცილებლობაზე საუბრობს. პოზიციები ბრიუსელმა ჯერ ამერიკასთან შეაჯერა.

ბაიდენმა სატელეფონო ხაზის მეორე მხარეს მყოფ ნეთანიაჰუს უთხრა, რომ "ჰამასის" წინააღმდეგ მებრძოლ ისრაელს კი მხარს უჭერს, თუმცა რაც ხდება, უნდა დასრულდეს.

"ძალადობის ესკალაციის დასრულების ერთადერთი გზა არის ის რომ პრობლემა ორი სახელმწიფოს შორის გადაწყდეს. ორივე სატელეფონო ზარის დროს პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა მოლაპარაკებების გზა საუკეთესო გამოსავალია ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის სამართლიანი და მდგრადი მოგვარების მისაღწევად. ამისთვის პროცესში ორივე მხარე უნდა ჩაერთოს. მათ უნდა გადაწყვიტონ სურთ თუ არა წინსვლა," - განაცხადა თეთრი სახლის პრესმდივანმა ჯენ ფსაკმა.

ისრაელს და აშშ-ს აკრიტიკებენ ირანი და თურქეთი.

"ბატონო ბაიდენ, თქვენ სომხების მხარეები დაიჭირეთ ე.წ. სომეხთა გენოციდის საკითხზე. ახლა, სამწუხაროდ, თქვენ თქვენი სისხლიანი ხელებით წერთ ისტორიას ამ ინციდენტში, რომელიც სერიოზული არაპროპორციული თავდასხმაა ღაზაზე, რასაც ასობით ათასი ადამიანის ტანჯვა მოჰყვება. მე ვგმობ ავსტრიის სახელმწიფოს ქმედებას , რომელმაც ისრაელის დროშა აღმართა სამთავრობო შენობაზე. ტერორისტული სახელმწიფოს დროშის აღმართვა სამთავრობო ორგანოს შენობაზე ნიშნავს ცხოვრებას, რომელიც ასახავს ტერორიზმს. ავსტრიის სახელმწიფო, ალბათ, ცდილობს მუსლიმებს გადაახდევინოს ფასი იმ გენოციდისთვის, რაც ებრაელების მიმართ განახორციელეს," - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა.

საფრანგეთი ცდილობს გადამწყვეტი როლი შეასრულოს გადამწყვეტ პროცესებში, რაც პოლიტიკურად საკუთარი როლის გაზრდის შესაძლებლობასაც აძლევს. დღეს მაკრონს ეგვიპტელმა კოლეგამ ჩააკითხა და ერთად დაურეკეს იორდანიელს. შუამავლები პროცესებში კონსტრუქციულ ჩართულობას ცდილობენ.

"ჰამასი" ჯერ დუმს, თუმცა მისი პოზიცია ისრაელზე გადაფრენილი რაკეტების რაოდენობითაც გასაგებია - დაჯგუფება არ ნებდება. მიუხედავად იმისა,რომ ისრაელის ცნობით 150 ლიკვიდირებულ პირს შორის "ისლამური ჯიჰადის" წევრებთან ერთად "ჰამასის" წონიანი ლიდერები არიან.

დღის ამბები