17 ნოემბერი 2024,   03:52
ვრცლად
ტარიელ ნაკაიძის პარლამენტში შესვლას მივესალმები, ის იქნება რელიგიური უმცირესობის ინტერესების დამცველი - გიორგი ვაშაძე

"ევროპული საქართველოს" წევრის გიგი წერეთლის პარტიაში ტარიელ ნაკაიძის პარლამენტში შესვლას არ ეთანხმებიან, თუმცა ამბობენ, ეს მისი გადაწყვეტილებაა და ამის გამო ბრძოლა არ გაუმართავთ.

"ბუნებრივია, ამას სიხარულით არავინ ხვდება და პარტიაშიც ამ ნაბიჯს მოწონება არ აქვს, მით უმეტეს, თუკი პარტიაში ხარ, მისი მანდატით გადიხარ. მაგრამ ასეთი არის შედეგები და გადაწყვეტილება. ბრძოლა ნამდვილად არ გაგვიმართავს, თუ ვინმე არ ეთანხმება პარტიის გადაწყვეტილებას, მას შეუძლია ყოველთვის იყოს დამოუკიდებელი," - აღნიშნა გიგი წერეთელმა. 

ნაკაიძის პარლამენტში შესვლას მიესალმება სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი გიორგი ვაშაძე.

"ტარიელ ნაკაიძის პარლამენტში შესვლას მივესალმები. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ღირსეული გადაწყვეტილება მისი მხრიდან. პირადად არ ვიცნობ, მაგრამ მიხარია, რომ ის იქნება რელიგიური უმცირესობის ინტერესების დამცველი, რომელიც აკლდა საქართველოს პარლამენტს. ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი ადამიანების პარლამენტში ყოფნა და იმედი გვაქვს, რომ გვქნება სიღრმისეული თანამშრომლობა," - განაცხადა გიორგი ვაშაძემ. 

"ევროპული საქართველოს" სიით პარლამენტში შესული ტარიელ ნაკაიძე საკანონმდებლო ორგანოში მივიდა. ის მუშაობას დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით იწყებს. მან პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილების შესახებ მას შემდეგ განაცხადა, რაც "ევროპულმა საქართველომ" საკანონმდებლო ორგანოში შესვლაზე უარი თქვა.

დღის ამბები