პარლამენტის 31 ოქტომბრის არჩევნების შემსწავლელ დროებით საგამოძიებო კომისიას, საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი არაოფიციალურს უწოდებს.
მისი თქმით, საჭიროა მასში ოპოზიციაც ჩართული იყოს.
"საგამოძიებო კომისია არ არის ოფიციალური, რადგანაც ამისთვის საჭიროა მასში ოპოზიციაც ჩართული იყოს. ეს ინიციატივა დიდი ხნის წინ გაჩნდა. ჩემთვის ნაადრევია იმის თქმა, თუ რა გავლენა და შედეგი შეიძლება ჰქონდეს ამ კომისიას, მის მიგნებებს და ამ მიგნებების რელევანტურობას მომავალ პროცესებზე," - აცხადებს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი კარლ ჰარცელი.
ამ წუთებში პარლამენტის 31 ოქტომბრის არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა იწყება. კომისიის წევრები საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და არჩევნებზე მონიტორინგის განმახორციელებელი ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდებიან.
საგამოძიებო კომისიაში მონაწილეობას არ აპირებს პარლამენტში შესული ოპოზიცია. მათი თქმით, ამ კომისიის საქმიანობა "წყლის ნაყვაა".