19 ნოემბერი 2024,   21:32
ვრცლად
საპროტესტო მსვლელობა ბორჯომში - აქციას აზოტის ქარხნის პროფკავშირიდანაც შეუერთდნენ

საპროტესტო მსვლელობა გაიმართა ბორჯომში. გაფიცული თანამშრომლები კომპანია ბორჯომის ადმინისტრაციული შენობიდან ფეხით საწარმომდე მივიდნენ.

მოთხოვნები უცვლელია - ხელფასის მომატება და სამუშაო პირობების გაუმჯობესება. ჯერჯერობით უცნობია როდის გაიმართება მოლაპარაკება მხარეებს შორის.

კომპანია მზადაა თანამშრომლებს პროფკავშირების წარმომადგენლების გარეშე შეხვდეს, რაც გაფიცულებისთვის მიუღებელია. ბორჯომში გაფიცულებს სხვადასხვა პროფესიული კავშირების წარმომადგენლები უკვე შეუერთდნენ.

საპროტესტო აქციის მონაწილეები საწარმოს მიმდებარე ტერიტორიაზე უკვე მოვიდნენ. მათ მსვლელობით გამოიარეს ბორჯომის ქუჩები, სადაც მოსახლეობას მოუწოდეს მხარდაჭერისკენ და იმისკენ, რომ შეუერთდნენ აღნიშნულ საპროტესტო აქციას.

აქციის მონაწილეები ამ წუთებში კომპანიის დირექტორთან შეხვედრას ითხოვენ, რათა მას საკუთარი მოთხოვნები პირადად გააცნონ.

"პირველი არის ხელფასები, რომლებიც იყო დანაკლისით, გასწორდეს, შემდეგ გასწორებულ ხელფასებზე დაემატოს 30%. კოლექტიურ ხელშეკრულებას, შეთანხმებას მივაღწიოთ მათთან, დამსაქმებლებიც და დასაქმებულებიც. არის კიდევ შრომითი პირობების გაუმჯობესება. ყველაფერს ამ ერთობით მივაღწევთ ჩვენ," - აცხადებს აქციის მონაწილე.

დღევანდელ საპროტესტო აქციას შეუერთდნენ აზოტის ქარხნის პროფესიული კავშირის წარმომადგენლები, რომლებმაც კომპანიის ადმინისტრაციას კიდევ ერთხელ მოუწოდეს, რომ განიხილონ კიდევ ერთი ადამიანის პრობლემა; აგრეთვე შეუმსუბუქონ ის სამუშაო პირობები, რომელზეც ეს ადამიანები 3 დღის განმავლობაში საუბრობენ.

"ჩვენ მოვუწოდებთ ამ კომპანიას გონს მოეგოს და ხელფასები მოუმატოს ამ ადამიანებს," - აცხადებს აქციის მონაწილე.

დღის ამბები