ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ექს-პრეზიდენტის ვლადისლავ არძინბას ძმისშვილის-ქემალ არძინბას მკვლელობაში ეჭვმიტანილი დაკავებულია. ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ პროკურატურა ავრცელებს.
დე ფაქტო უწყების ცნობით, დაკავებულია 1992 წელს დაბადებული ბათალ ნოდარის ძე ფილია. მისი დაკავება 19 მაისს საღამოს მოხდა. როგორც ე.წ პროკურატურის განცხადებაშია ნათქვამი ამ ეტაპზე მიმდინარეობს საგამოძიებო ოპერატიული ღონისძიებები მტკიცებულებების შესაკრებად.
ბათალ ფილია 2019 წელს იარაღის უკანონო შენახვა-ტარებისთვის იყო დაკავებული, ასევე მას ნარკოდანაშაულსაც ედავებოდნენ. მისი დაკავება მიმდინარე წლის თებერვალშიც მოხდა იარაღის გამო.
საოკუპაციო რეჟიმის მედიის ინფორმაციით, ფილიას თანამზრახველიც ჰყავდა - გარიკ ავიძბა, რომელიც ამ დროისთვის მიმალვაშია.
ქემალ არძინბა 18 მაისს სოხუმში იმამ შამილის ქუჩაზე მოკლეს.