შევა თუ არა "ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტში, ამის შესახებ გადაწყვეტილებას ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტია თვის ბოლოს მიიღებს.
მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ პარლამენტს გარეთ დარჩენის შემთხვევაში "ნაციონალურ მოძრაობას" მარგინალიზება და დაშლა ემუქრება:
"უკვე დიდი ხანია, "ნაციონალურმა მოძრაობამ" თავისი თავი ჩაიყენა ისეთ მდგომარეობაში, რომ კარგი გამოსავალი აღარ დარჩათ. მათ ორი გზა აქვთ, ან აღიარონ მარცხი და ხელი მოაწერონ შეთანხმებას და შემოვიდნენ ასე პარლამენტში, ან დარჩნენ გარეთ და დაემართებათ იგივე, რაც დაემართა "ევროპულ საქართველოს". საბოლოო ჯამში მარგინალიზდებიან და დაიშლებიან," - განაცხადა "ქართული ოცნების" წევრმა დეპუტატმა შალვა პაპუაშვილმა.
"ქართული ოცნების"კიდევ ერთი წევრი ალუდა ღუდუშაური ამბობს, რომ პარლამენტისთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს, იქ იქნება თუ არა "ნაციონალური მოძრაობა". უმრავლესობის დეპუტატი "ნაცმოძრაობის" ლიდერებს იმის გამოც აკრიტიკებს, რომ ისინი ხალხისთვის აზრის კითხვის ნაცვლად მიხეილ სააკაშვილთან წავიდნენ დირექტივების მისაღებად.