19 ნოემბერი 2024,   20:34
ვრცლად
"მოკლეს მამამთილი, დედამთილს გულში ესროლეს..." - 27 წლის შემდეგ დაკავებული დამნაშავე და თბილისში მომხდარი ერთ-ერთი ყველაზე რეზონანსული საქმის დეტალები

მინასიანების საქმე გასული ათწლეულების ერთ-ერთი ყველაზე რეზონანსულ დანაშაულად ითვლება. განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მკვლელობა, მხოლოდ ორი ათეული წლის შემდეგ გაიხსნა.

1994 წელს ორგანიზებულმა ჯგუფმა 17 წლის ახალგაზრდა ვაზგენ მინასიანი გაიტაცა და ოჯახს გამოსასყიდი მოსთხოვა. მძევალს 12 დღე ჯერ ორმოში, შემდეგ თბილისში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში მალავდნენ. თანხის გადახდის შემდეგ მძევალი გაათავისუფლეს, თუმცა დანაშაულის დაფარვის მიზნით, რამდენიმე დღეში სახლში შეუვარდნენ და მშობლებთან ერთად მოკლეს. გამტაცებლებმა ოჯახის 4 წევრს ესროლეს, მათგან მხოლოდ 22 წლის ქალი გადარჩა. დანაშაულიდან 27 წლის შემდეგ, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი ვახტანგ გვრიტიშვილი საფრანგეთმა ქართულ მხარეს  გადმოსცა.

ვაზგენ მინასიანის მეუღლე ქრისტინა ავეტისიანი სასტიკი დანაშაულის დეტალებს, თითქმის სამი ათწლეულის შემდეგ "კურიერთან" იხსენებს.

"მათ არც ოქრო და არც ფული არ უთხოვიათ. მაღალს ავტომატი ჰქონდა. შემდეგ სროლა დაიწყო, მეგონა რეალური იარაღი არ იყო იქამდე სანამ სისხლი არ დავინახე იატაკზე. ამას ვერ ვიჯერებდი. ოთახში ბევრნი ვიყავით. თუმცა ვერ აღვიქვამდი რომ მოკლეს. მოკლეს მამამთილი, მერე ჩემს დედამთილს გულში ესროლეს და დაიღუპა, მული კი სასწაულად გადაურჩა ჭრილობებს. სამწუხაროდ ვაზგენიც დაიღუპა. მკვლელობამდე გატაცებული ყავდათ ჩემი ქმარი. სახლში შემოვარდნიდან 40 დღის მერე მოკლეს ვაზგენის მეგობარიც, რომელიც გატაცების ფაქტს შეესწრო,"- აცხადებს ქრისტინა ავეტისიანი.

სისხლიან დანაშაულს წინ, ვაზგენ მინასიანის გატაცება უძღოდა. ის ქორწილამდე 4 დღით ადრე გაიტაცეს.  70 ათასი დოლარისა და დაახლოებით ამავე ღირებულების ძვირფასეულობის მიღების შემდეგ კი გაათავისუფლეს. მკვლელობა კი, მას შემდეგ დაიგეგმა, რაც დაზარალებულის ოჯახის წევრებმა განაცხადეს, რომ მათთვის ცნობილი იყო შვილის გამტაცებლის ვინაობა. დანაშაულში მხილების შიშით უკვე მსჯავრდებულებმა მინასიანების ოჯახის განადგურების გადაწყვეტილება სისრულეში მოიყვანეს.

საზარელი მკვლელობის შემდეგ, ოჯახის გადარჩენილმა წევრებმა სახლი გაყიდეს და საქართველო დატოვეს. ერევნიდან ჩვენების მისაცემად კი, მხოლოდ საქმის გახსნისთვის 17 წლის შემდეგ ჩამოვიდნენ.

მინასიანების ოჯახის მკვლელობა საქართველოში პირველი საქმე იყო, რომელზეც გადაწყვეტილება ნაფიცმა მსაჯულებმა მიიღეს. სისხლიანი დანაშაულის საქმეზე განაჩენის გამოტანა მკვლელობიდან მხოლოდ ორი ათწლეულის შემდეგ მოხერხდა. იმ დროისთვის დანაშაულებრივი ჯგუფის ორ წევრს, ვახტანგ გვრიტიშვილსა და მის ძმას საქართველოს საზღვრები უკვე დატოვებული ქონდათ.

დამნაშავეთა ჯგუფის რამდენიმე წევრს ერთი ადვოკატი ჰყავს. 3 პირის ინტერესს დავით მოდებაძე იცავს. ორი მათგანი საფრანგეთში წასული ძმები არიან, საქართველოში მყოფმა დამნაშავემ კი, სასჯელი უკვე მოიხადა. ვახტანგ გვრიტიშვილის საფრანგეთიდან ექსტრადირებამდე, რამდენიმე თვით ადრე ქართულ მხარეს ამავე ქვეეყანამ მისი ძმა გადმოსცა. დაკავებული ძმები დანაშაულს არ აღიარებენ და მოსამართლის მიერ დაუსწრებლად გამოტანილ გადაწყვეტილებას ასაჩივრებენ.

განზრახ მკვლელობის, ყაჩაღობისა და ჯგუფურად განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი სიცოცხლისთვის საშიში ძალადობის საქმეზე სასჯელი 7 პირიდან 4-მა უკვე მოიხადა. დაკავებულებიდან დანაშაული მხოლოდ ორმა აღიარა. ერთი საქმის გახსნამდე გარდაიცვალა. საფრანგეთიდან საქართველოში ექსტრადირებულ დამნაშავე ძმებს დაუსწრებლად 7 წლითა და 6 თვით პატიმრობა 2011 წელს განესაზღვრათ. მოუწევთ თუ არა მათ სასჯელის მოხდა, ამას შემდეგი ინსტანციები უახლოეს მომავალში გადაწყვეტენ.

 

 

 

დღის ამბები