02 სექტემბერი 2026,   10:49
ვრცლად
"დარბევას და პოლიციასთან დაპირისპირებას არ გამოვრიცხავთ, ჩვენ არცერთ შემთხვევაში არ ვპროვოცირებთ" - რა ვითარებაა რიონის ხეობაში

ბლოკირებული საავტომობილო გზა, წყლის ჭავლის მანქანები და რკინის ბარიერები - საკუთარი მოთხოვნების შესრულებას ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეები ახლა უკვე სოფელ გუმათში ითხოვენ. ტერიტორიაზე მობილიზებულია პოლიცია, მოხდა დაპირისპირებაც.

"რიონის ხეობის მცველი" ვარლამ გოლეთიანი არ გამორიცხავს პოლიციასთან დაპირისპირებასაც.

"დარბევას და პოლიციასთან დაპირისპირებას ჩვენ ნამდვილად არ გამოვრიცხავთ, იმიტომ, რომ 5-ჯერ დაგვარბიეს მთელი პროტესტის განმავლობაში. შესაბამისად, შესაძლებელია რაღაც მსგავსი მოხდეს. ჩვენ ამას არცერთ შემთხვევაში არ ვპროვოცირებთ, არ მიგვაქვს იერიში პოლიციაზე და გადასვლას არ ვცდილობთ არსად, ბარიკადს იქით. ჩვენ ვეცდებით მხოლოდ კომპანიას შეეშალოს ხელი, რომ აღარ გაგრძელდეს სამუშაოები," - განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.

ცოტა ხნის წინ საგანგებო განცხადება გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომ. უწყების ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია აქციის მონაწილეების მხრიდან რკინის ჯებირების დაზიანებასთან დაკავშირებით.

"რიონის ხეობის მცველები" აცხადებენ, რომ  წუხელ მათ გაღიზიანება გამოხატეს და ბარიკადებს მცირე დაზიანება აქვს.  

"რიონის ხეობის მცველებს" კარვები სამ ლოკაციაზე აქვთ გაშლილი. ერთ-ერთი არის კომპანია "ენკას" ბაზასთან. მათ კომპანიის ტექნიკისთვის გზა აქვთ ჩაკეტილი, რასაც ადგილზე ხმაური რამდენჯერმე მოჰყვა.

გეგმებთან დაკავშირებით, ვარლამ გოლეთიანი აცხადებს, რომ შეზღუდვა შეეხება მხოლოდ კომპანიის ტექნიკას, სხვა ავტომობილები უპრობლემოდ გადაადგილდებიან. 

დღის ამბები