ამ წუთებში, პარლამენტის თავმჯდომარესთან ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის ამნისტიის შესახებ კანონზე მორიგი კონსულტაცია მიმდინარეობს. ორივე მხარეს დოკუმენტის საკუთარი ვერსია აქვს.
მიუხედავად იმისა, რომ ორივე მხარე პოზიციების შეჯერების შესაძლებლობაზე საუბრობს, ოპოზიციის დიდ ნაწილში ამბობენ, რომ მმართველი გუნდის მიერ შემოთავაზებულ კანონპროექტს მათი მხარდაჭერა არ ექნება.
"სხვა კომპრომისს ჩვენ არ განვიხილავთ. "ქართულ ოცნებას" აქვს შესაძლებლობა, მხარი დაუჭიროს ჩვენს კანონპროექტს, რომელიც სრულად ასახავს შეთანხმებას, რომელსაც მივაღწიეთ, ან თვითონ დარჩება საკუთარ კანონპროექტთან მარტო,"- განაცხადა ფრაქცია "ლელოს" წევრმა სალომე სამადაშვილმა.
"გირჩის" წევრის იაგო ხვიჩიას თქმით, მისი ენერგია მხარეების პოზიციების დაახლოებისთვის იქნება მიმართული.
"არსებული ტრადიციები არ გვიწყობს ხელს, გარანტირებულად ვთქვათ, რომ ასეთ საკითხზე შეთანხმებას მარტივად მივაღწევთ. თუმცა, უნდა ვეცადოთ და დღეს ჩემი შრომა იქნება მიდრეკილი იქითკენ, რომ მხარეები დავარწმუნო იმაში, რომ კომპრომისი ჯობია, ვიდრე სათითაო კანონპროექტებით სიარული,"- აცხადებს იაგო ხვიჩია.
ოპოზიციონერებისთვის პრობლემაა ისიც, რომ "ქართული ოცნების" მიერ შემოთავაზებულ კანონპროექტში არ არის გაწერილი კონკრეტული მუხლები, თუ რას უნდა შეეხოს ამნისტია. ასევე, მიიჩნევენ, რომ მოთხოვნა ამნისტირებულებისგან თანხმობის თაობაზე, მათთვის მიუღებელია.
"ამნისტია ყოველთვის კეთდება კონკრეტულ მუხლებზე, "ქართული ოცნება" აპირებს მთელი სისხლის სამართლის კოდექსზე გავრცელებას გარკვეული დათქმით. ამასთან, აპირებს წინაპირობების დაწესებას, რომ ადამიანმა უარი არ უნდა განაცხადოს, რომ ამნისტია მასზე გავრცელდეს. ეს პრინციპები ჩვენთვის მიუღებელია. თუ პოზიციების შეჯერება ვერ მოხდება, ეს არ არის ტრაგედია, ჩვენ შეთანხმებულები ვართ, რომ ცალ-ცალკე კანონპროექტი არ ნიშნავს შარლ მიშელის შეთანხმების დარღვევას,"- აცხადებს "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი პაატა მანჯგალაძე.