20 ივნისის ამნისტიის კანონპროექტზე მუშაობა მომავალი კვირიდან პარლამენტში, სავარაუდოდ, "ნაციონალური მოძრაობის" გარეშე ჩაივლის. ეს არის პუნქტი, რომლის გამოც პარტია მიშელის დოკუმენტს ხელს არ აწერს. დღეს მოცემულობა ასეთია, არსებობს 2 პროექტი, "ოცნების" ვარიანტს კენჭი დამოუკიდებლად, პირველი მოსმენით უკვე უყარეს. მას მხარი "გირჩმა" და "მოქალაქეებმა" დაუჭირეს, თუმცა, ცალკეული პარტიები არ გამორიცხავენ, რომ თუ მმართველი გუნდი გარკვეულ ცვლილებებს შეიტანს, "ოცნების" პროექტს მათი ხმაც ექნება.
საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი არ გამორიცხავს, რომ 20 ივნისის საქმეზე ამნისტიის კანონთან დაკავშირებით "ოცნებასთან" შეთანხმება მოხერხდეს. პარტიებმა მათ მიერ ინიცირებული კანონპროექტი გასულ სამუშაო კვირას კენჭისყრაზე არ დააყენეს. ოპოზიცია, უმრავლესობის ვერსიაში, პატიების აქტის განხორციელებისთვის ამნისტირებულის თანხმობის საჭიროებას კრიტიკულად მიუღებლად მიიჩნევს და მომდევნო საკომიტეტო განხილვებისთვის ემზადება.