თამარ კორძაიამ პარტია "რესპუბლიკელები" დატოვა - ამის შესახებ მან facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა.
როგორც კორძაია აღნიშნავს, მისი შეფასებით, უმჯობესი იყო "რესპუბლიკური პარტიის" წევრებს უფრაქციოდ გაეგრძელებინათ მუშაობა პარლამენტში.
"გუშინ, 2021 წლის 3 ივნისს დასრულდა ჩემი 6 წლიანი თანამშრომლობა "რესპუბლიკურ პარტიასთან" და პარტიის თავმჯდომარეს მივმართე განცხადებით წევრობის დატოვების თაობაზე. მადლობას ვუხდი ყველას იმ მრავალფეროვანი გამოცდილებისათვის, რაც შევიძინე ამ წლების განმავლობაში.
ვფიქრობ, პარტნიორ ოპოზიციურ პარტიებთან სამომავლო თანამშრომლობა უნდა გაგვეგრძელებინა "რესპუბლიკური პარტიის" ორ წევრს, უფრაქციოდ/დამოუკიდებლად საქმიანობით. პარლამენტის ტრიბუნიდან თამამი რესპუბლიკური იდეების გახმოვანებით და ბრძოლით.
მართალია, არ ვეთანხმები, მაგრამ მესმის "რესპუბლიკური პარტიის" გადაწყვეტილების. წარმატებებს ვუსურვებ.
პარლამენტში საქმიანობას გავაგრძელებ, როგორც უპარტიო და უფრაქციო პარლამენტის წევრი,"- წერს თამარ კორძაია.