ნინოწმინდის პანსიონში იმყოფება პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე ბექა დავითულიანი. მისი განცხადებით, პანსიონში დღეს სოციალური მუშაკები და ფსიქოლოგები დარჩებიან, ხვალიდან კი შეხვედრები ისევ გაგრძელდება.
"შიგნით არიან სოციალური მუშაკები, შიგნით არიან ფსიქოლოგი. ისინი დღეს ღამე დარჩებიან აქ. მე და ჩემი კოლეგა შალვა პაპუაშვილიც დავრჩებით ნინოწმინდაში და ხვალ სასულიერო პირებთან, აღსაზრდელებთან და პერსონალთან ერთად გავაგრძელებთ მუშაობას იმისთვის, რომ ყველა ბავშვის უფლება იყოს სრულად დაცული და ეს არის ყველას პირველადი ამოცანა,“ - აცხადებს ბექა დავითულიანი.
ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის საქმეში რეგულირების სააგენტო, სოციალური სამსახური, ფსიქოლოგები, დეპუტატები, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ჩაერთო, თუმცა პანსიონში ისევ არ უშვებენ მედიას.
შეხვედრა, რომელიც ნინოწმინდის პანსიონში შედგა, ცოტა ხნის წინ დასრულდა. მას ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, სოციალური მუშაკები და დეპუტატები ესწრებოდნენ. შეხვედრის დასრულების შემდეგ მედიასთან განცხადება გააკეთეს ხელისუფლების წარმომადგენლებმა.