შეიცვლება, თუ არა პარტიების დაფინანსების წესი - პარლამენტი იმ კანონპროექტის განხილვას მიუბრუნდა, რომელიც ვენეციის კომისიამ დაიწუნა. უმრავლესობის ინიციატივით, პარტია, რომელიც მანდატებზე უარს იტყვის, საბიუჯეტო დაფინანსებას და კანონით განსაზღვრულ პრივილეგიებს კარგავს.
მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ვინც არ მუშაობს ამისთვის ის ხელფასსაც არ უნდა იღებდეს. ოპოზიცია კი ამ ცვლილებებს დისკრიმინაციულად თვლის.
პარტიის "ლელო საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი საბა ბუაძის განცხადებით, ვენეციის კომისიის დასკვნაში წერია, რომ ეს კანონი არასაჭიროდ აგრესიულია და მიზნად ისახავს მხოლოდ იმას, რომ შეუზღუდოს ფინანსებზე ხელმისაწვდომობა პოლიტიკურ პარტიებს, რომლებიც ლეგიტიმურ პოლიტიკურ ბოიკოტში იმყოფებიან.
"გირჩის" მმართველი საბჭოს წევრი ვახტანგ მეგრელიშვილი კი თვლის, რომ პოლიტიკა ბიუჯეტიდან არ უნდა ფინანსდებოდეს და არც ერთ პარტიას არ უნდა ჰქონდეს ეს დაფინანსება.
"პარტიები მიუხედავად იმისა, აკეთებენ თუ არა, რამეს, მაინც ფულს იღებენ ბიუჯეტიდან. მათი მთავარი მოტივაცია კი ის არის, რომ პოლიტიკაში კვალიფიციურ სუბიექტებად დარჩნენ და ბიუჯეტიდან ფული მოწოვონ. საბოლოო ჯამში უნდა მივიდეთ იმ კარგ სიტუაციამდე, რომ საზოგადოება მიხვდეს, პოლიტიკა მათი დასაფინანსებელია და არა ბიუჯეტის,"- აცხადებს ვახტანგ მეგრელიშვილი.