მას შემდეგ, რაც "ღამის კურიერის" ეთერში "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ყოფილ პრემიერ გიორგი გახარიასა და "ნაციონალურ მოძრაობას" შორის კავშირზე ეჭვი გამოთქვა, შეფასებას მმართველი გუნდის სხვა წევრებიც იზიარებენ.
დავით მათიკაშვილი აცხადებს, რომ საზოგადოებისთვის დასკვნების გაკეთება მარტივია, რადგან სამი ოპოზიციური ტელევიზია გიორგი გახარიას პარტიის პოპულარიზაციას ცდილობს.
"ფაქტები, რომლებიც კითხვის ნიშნებს აჩენენ, ცხადია, საჭიროებენ პასუხებს. პასუხი რა გზით იქნება მიღებული, ეს არის სამართლებრივი და მორალური საკითხი. სამართლებრივი საკითხი არის ერთი და, საჭიროების შემთხვევაში, პროცესები უნდა დაიწყოს, მეორეა მორალური მომენტი. საზოგადოებას არ სჭირდება სამართლებრივი შეფასებები, რომ ელემენტარულად, კარგად გაარკვიოს სამი პარტიული ტელევიზიის პროპაგანდა როგორ ემსახურება გიორგი გახარიას პარტიის პოპულარიზაციას,"- განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
რატი იონათამიშვილის შეფასებით კი, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები გიორგი გახარიას პარტიისთვის პირველი და უკანასკნელი იქნება.
"გიორგი გახარიამ პოლიტიკური კარიერა დაასრულა მაშინ, როდესაც გადადგა პრემიერის თანამდებობიდან. ფაქტია, რომ მის მიერ დასახელებული მიზეზები იყო ძალიან უხერხული და უარგუმენტო და ვფიქრობ, ვინც ასე არადამაჯერებლად ცდილობს პოლიტიკაში შემოსვლას, ის სინამდვილეში წარმოადგენს სხვა პარტიების პროექტს. აქედან გამომდინარე, თვითმმართველობის არჩევნები მისი პარტიისთვის იქნება პირველი და ალბათ, უკანასკნელიც,"- აცხადებს რატი იონათამიშვილი.
შეგახსენებთ, რომ "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ "ღამის კურიერის" ეთერში ისაუბრა გეგმაზე, რომელიც, მისი ინფორმაციით, თებერვალში "ნაციონალურ მოძრაობას" ჰქონდა. კობახიძე ამბობს, რომ თუ ენმ-ს თავმჯდომარე ნიკა მელიას ხელისუფლება არ დააკავებდა, ოპოზიციური პარტია ალტერნატიული მთავრობის გამოცხადებას გეგმავდა; ამის შემდეგ კი, 19 თებერვალს საქართველოში მიხეილ სააკაშვილი უნდა ჩამოსულიყო. ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ "ოცნებამ" მოქმედ პრემიერს კიევიდან მიღებული ეს ინფორმაცია დაუმალა, რადგან ჰქონდა ეჭვი, რომ, შესაძლოა, გახარია ჩართული ყოფილიყო ამ გეგმაში.