"ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში" "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ბრალდებებს მორიგი ტყუილი უწოდეს.
ნონა მამულაშვილის თქმით, ირაკლი კობახიძის განცხადება, რომელიც მან "ღამის კურიერის" ეთერში გააკეთა, აბსურდულია.
"ირაკლი კობახიძეს, როგორც გითხარით, არ აქვს ფსიქიკური ჯანმრთელობა დალაგებული, ამიტომ, ამისთანა შეთქმულების თეორიები ძალიან ხშირად გვესმის ხოლმე - ყველგან ელანდება მიშა და "ნაციონალური მოძრაობა." მათივე მთავრობის წარმომადგენელი იყო გახარია და მათივე დავალებებს ასრულებდა. ანუ, რა გამოდის - როცა გახარია მათი მთავრობის წარმომადგენელი იყო, მიშა სააკაშვილი აძლევდა მას დავალებებს?!"-განაცხადა ნონა მამულაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ "ღამის კურიერის" ეთერში ისაუბრა გეგმაზე, რომელიც, მისი ინფორმაციით, თებერვალში "ნაციონალურ მოძრაობას" ჰქონდა. კობახიძე ამბობს, რომ თუ ენმ-ს თავმჯდომარე ნიკა მელიას ხელისუფლება არ დააკავებდა, ოპოზიციური პარტია ალტერნატიული მთავრობის გამოცხადებას გეგმავდა; ამის შემდეგ კი 19 თებერვალს საქართველოში მიხეილ სააკაშვილი უნდა ჩამოსულიყო. ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ "ოცნებამ" მოქმედ პრემიერს კიევიდან მიღებული ეს ინფორმაცია დაუმალა, რადგან ჰქონდა ეჭვი, რომ, შესაძლოა, გახარია ჩართული ყოფილიყო ამ გეგმაში.