გიორგი გახარიას გუნდი ირაკლი კობახიძის ინფორმაციაზე გამოძიების დაწყებას ითხოვს. მოძრაობა "საქართველოსთვის" დღეს "ქართული ოცნების" ლიდერს კიდევ ერთხელ პასუხობს და აცხადებს, რომ გიორგი გახარიას დადანაშაულება "ნაციონალური მოძრაობის" გეგმების ხელშეწყობაში აბსურდული ბრალდებაა.
"ამასთან დაკავშირებით დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს გამოძიება და დადგინდეს, თუკი ვინმეს რაიმე გადატრიალება ჰქონდა მომზადებული. სხვაგვარად, ეს იქნება მხოლოდ და მხოლოდ ჭორაობა, ჩვენი ამომრჩევლის შეურაცხყოფა, "ქართული ოცნების" ამომრჩევლის შეურაცხყოფა. ასეთი ტიპის უარგუმენტო, ცრუ ბრალდებები უბრალოდ აზიანებს სახელმწიფო ინსტიტუტებს," - განაცხადა მიშა დაუშვილმა.
შეგახსენებთ, რომ "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ "ღამის კურიერის" ეთერში ისაუბრა გეგმაზე, რომელიც, მისი ინფორმაციით, თებერვალში "ნაციონალურ მოძრაობას" ჰქონდა. კობახიძე ამბობს, რომ თუ ენმ-ს თავმჯდომარე ნიკა მელიას ხელისუფლება არ დააკავებდა, ოპოზიციური პარტია ალტერნატიული მთავრობის გამოცხადებას გეგმავდა; ამის შემდეგ კი 19 თებერვალს საქართველოში მიხეილ სააკაშვილი უნდა ჩამოსულიყო. ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ "ოცნებამ" მოქმედ პრემიერს კიევიდან მიღებული ეს ინფორმაცია დაუმალა, რადგან ჰქონდა ეჭვი, რომ, შესაძლოა, გახარია ჩართული ყოფილიყო ამ გეგმაში.