17 ნოემბერი 2024,   00:45
ვრცლად
ლატვია საქართველოს 15 ათას დოზა კოვიდვაქცინას გადასცემს

საქართველოში იმყოფება ლატვიის საგარეო უწყების ხელმძღვანელი. ედგარს რინკევიჩსი ამ წუთებში პარლამენტის თავმჯდომარეს ხვდება, იქამდე ესაუბრა საგარეო საქმეთა მინისტრს. ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, დიპლომატებმა ქვეყნებს შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობა მიმოიხილეს, ისაუბრეს Covid-19-ის პანდემიით გამოწვეული პრობლემების შესახებ. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრა პრემიერ მინისტრთანაც.

ქართველ კოლეგასთან ვიზიტის შემდეგ ედგარს რინკევიჩსიმ განაცხადა, რომ მათ შეხვედრაზე თანამშრომლობის მრავალი სფერო მიმოიხილეს, მათ შორის იყო ნატოს მომავალი სამიტიც:

"შეხვედრაზე განვიხილეთ ნატოს მომავალი სამიტის თემა და საჭიროება, რომ ნატოს სამიტის დეკლარაციაში იყოს ძალიან ნათელი დადასტურება მისა, რომ ნატოს კარი ღიაა და რომ პრაქტიკული მხარდაჭერა ხორციელდება იმ პარტნიორების მიმართ, რომელთაც სურვილი აქვთ ნატოში გაწევრიანების.ეს არ გახლავთ დიდი სამიტი, როგორც წესი, ნატოს წევრი ქვეყნები ერთმანეთს ხვდებიან როცა აშშ-ს ახალი პრეზიდენტის არჩევა ხდება. ჩვენ ნატოს სამიტიდან ველით ახალ სტრატეგიულ კონცეფციას, ველოდებით იმ საკითხებზე მუშაობას, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ნატოს მოკავშირეებისთვის როდესაც მე-5 მუხლს ეხება საქმე. ჩვენ ასევე გვინდა ვიხილოთ კიდევ ერთხელ ღია კარის პოლიტიკის დადასტურება. ჩვენ შევძლებთ, რომ ნატოს სამიტის შემდეგ შედგეს საქართველო-ნატოს შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე და რა თქმა უნდა, მხარს დავუჭერთ ამ შეხვედრას," - განაცხადა ედგარს რინკევიჩსიმ

ლატვიის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, მისი ქვეყანა საქართველოს კორონავირუსთან ბრძოლაშიც დაეხმარება და ამ მიზნით ისინი საქართველოს 15 ათას დოზა კოვიდვაქცინას გადასცემენ:

"ჩვენ ასევე განვიხილეთ პანდემიასთან ბრძოლის საკითხები. მოხარული ვარ, რომ ჩვენ მივეცით გარკვეული ბიძგი პროცესებს, ყველა ლოგისტიკური საკითხის გათვალისწინებით, 15 000 დოზა კოვიდ-ვაქცინა გადაეცემა საქართველოს. ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიბრძოლოთ ამ დაავადებასთან," - აღნიშნა მინისტრმა, მან ასევე იმედი გამოთქვა რომ ბალტიისპირეთსა და საქართველოს შორის საჰაერო რეისები პანდემიამდე რეჟიმს მალე დაუბრუნდება.

დღის ამბები