5 თვის წინ პოლიტიკიდან წასულმა "ქართული ოცნების" დამფუძნებელმა დღეს სპეციალური წერილი გამოაქვეყნა, სადაც განმარტა, რომ ექს-პრემიერთან თანამშრომლობა მისთვის მიუღებელია. ამასთან, ბიძინა ივანიშვილი კატეგორიულად უარყოფს, რომ გახარია მისი პროექტია.
სპეციალურ მიმართვაში ბიძინა ივანიშვილი, გიორგი გახარიას გადადგომას მოღალატეობრივ ქმედებად აფასებს.
წასვლის შემდეგ, პირველ საჯარო მიმართვაში, ბიძინა ივანიშვილი "ქართული ოცნების", როგორც მყარი პოლიტიკური ერთობის მნიშვნელობაზეც საუბრობს და დარწმუნებულია მმართველი გუნდის მორიგ წარმატებაში.
თავის მხრივ ჭორაობა უწოდა ბიძინა ივანიშვილის წერილს გიორგი გახარაიამ. ბრალდებების მთავარი ადრესატი ყოფილ ლიდერს მხოლოდ სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
ივანიშვილი-გახარიას დაპირისპირების არ სჯერათ სხვა ოპოზიციურ პარტიებში. პოლიტიკურ ძალებში ფიქრობენ, რომ "ქართული ოცნების" დამფუძნებელი ყოფილი პრემიერის გამოყენებას ოპოზიციური ხმების მისაღებად ცდილობს.
განსხვავებულია მმართველი გუნდის შეფასება. სახელისუფლებო პარტიის ლიდერები ივანიშვილის განცხადების პათოსს იზიარებენ და ამბობენ, რომ ნიკა მელიას კანონიერად დაპატიმრებამდე აბსურდული მიზეზით თანამდებობიდან წასვლა ღალატის ტოლფასი იყო.
ბიძინა ივანიშვილი პარტიიდან და პოლიტიკიდან მიმდინარე წლის 11 იანვარს წავიდა. დაახლოებით ერთი თვის შემდეგ პრემიერის პოსტი, ნიკა მელიასთან დაპატიმრებასთან დაკავშირებით გუნდთან უთანხომოების გამო გიორგი გახარიამ დატოვა. ივანიშვილთან თითქმის რვაწლიანი თანამშრომლობის შემდეგ, ყოფილი პრემიერი კრიტიკულ წერილზე ვრცელი პასუხის გაცემას უახლოეს დღეებში გეგმავს.