პრემიერის წლიური ანგარიში პარლამენტის ბიუროზე უკვე დარეგისტრირდა და განისაზღვრა ვადაც, როდესაც ირაკლი ღარიბაშვილი დეპუტატებს სამთავრობო პროგრამის პრიორიტეტებს თავად წარუდგენს.
151 გვერდიან ანგარიშში, ერთ-ერთ საკვანძო მიმართულებად საგარეო პოლიტიკა და ქვეყნის ევროსტრუქტურებში ინტეგრაციის დაჩქარებისთვის მთავრობის მიერ განხორციელებული ქმედებებია. მთავარ პრიორიტეტად კვლავ 2024 წლისთვის ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გაკეთება და საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობების გაღრმავება რჩება.
ანგარიშის დიდი ნაწილი პანდემიას, პანდემიით გამოწვეულ პრობლემებს და ზიანის შემცირების მიზნით, მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯების შეფასებას ეთმობა.
დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ პანდემიით გამოწვეული რეცესიის ერთწლიანი პერიოდის შემდეგ, ეკონომიკა ნავარაუდევთან შედარებით გაცილებით სწრაფი ტემპით აღდგება და ამის დამადასტურებლად რამდენიმე მონაცემიც არის მოყვანილი. მაგალითად, ეკონომიკური ზრდა მარტის თვეში პირველად გახდა 4 პროცენტი, ხოლო აპრილში ეს მაჩვენებელი მასშტაბური იყო და 44 პროცენტი შეადგინა.
პანდემიამ ეკონომიკასთან ერთად სერიოზული გამოწვევების წინაშე ჯანდაცვის სექტორიც დააყენა, თუმცა ანგარიშში აღნიშნულია, რომ ეპიდემიის ეფექტიანი მართვა და ჯანდაცვის სერვისების შეუფერხებელი მიწოდება ხდება. ამ საკითხზე მმართველი პარტიისგან განსხვავებული მოსაზრებები აქვთ საპარლამენტო ოპოზიციაში, სადაც აცხადებენ, რომ პრემიერთან მწვავე კითხვები აქვთ.
ანგარიშში ასახული მთავარი გზავნილების გარდა ოპოზიციონერი დეპუტატები კითხვებს ზოგადად, მთავრობის საქმიანობის შესახებაც ამზადებენ.
პრემიერ-მინისტრისგან, კითხვა-პასუხის რეჟიმში, დაგეგმილი რეფორმების თაობაზე ინფორმაციის მიღებას გეგმავენ მმართველ პარტიაშიც.
სამთავრობო პროგრამის შესრულების ანგარიში 2020 წლის ივნისიდან 2021 წლის მაისის ჩათვლით პერიოდს მოიცავს. პრემიერ-მინისტრის რანგში ეს იქნება პირველი ანგარიში, რომელსაც ირაკლი ღარიბაშვილი მეათე მოწვევის პარლამენტს წარუდგენს.