საქართველოს რაგბის კავშირში დღეს პოლიციის მობილიზება კიდევ ერთხელ გახდა საჭირო. სამართალდამცველები დღის პირველ ნახევარში უწყების შესასვლელს აკონტროლებდნენ, უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომების მიღება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც რაგბის კლუბების დაახლოებით 20 წარმომადგენელი სოსო ტყემალაძესთან შესახვედრად მივიდა. შეხვედრა არ შედგა, თუმცა მხარეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.
კავშირის ხელმძღვანელთან შეხვედრას იმ კლუბების წარმომადგენლები ითხოვდნენ, რომლებმაც საპრეზიდენტო არჩევნებზე ტყემალაძეს მხარი არ დაუჭირეს. კლუბების წარმომადგენლებს გარკვეული კითხვები აქვთ, მაგალითად როგორი იქნება საქართველოს მორაგბეთა ჩემპიონატი ახალი სეზონიდან, შემცირდება თუ არა კლუბების რაოდენობა და მათი დაფინანსება.
კლუბების წარმომადგენლები ამბობენ, რომ რაგბის კავშირის მოქმედ ხელმძღვანელობას განვითარების არასწორი გეზი აქვს აღებული. უმძიმეს მდგომარეობაშია საქართველოს ჩემპიონატი, პრობლემებია მსაჯთა კორპუსთან. დაახლოებით ერთი კვირის წინ კავშირის ხელმძღვანელების არათანმიმდევრული მუშაობის შედეგად საქართველოსა და ლიეტუვას რაგბის კავშირებს შორის სიტუაცია დაიძაბა.
საქართველოს რაგბის კავშირში მომხდართან დაკავშირებით მკაფიო პოზიცია აქვთ, კავშირის ვიცე პრეზიდენტი ამბობს, რომ დიდი 10-ის კლუბების ხელმძღვანელებთან აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს ჩემპიონატში არსებული პრობლემების მოსაგვარებლად. ბაჩო ხურციძის აზრით, კლუბების წარმომადგენლებთან შეხვედრა მსგავსი ფორმატით შეუძლებელია.
საქართველოს რაგბის კავშირში რეფორმებს აანონსებენ, მიმდინარეობს აქტიური კონსულტაციები სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის კლუბებთან. ამ დროისთვის კონკრეტული გადაწყვეტილებები მიღებული არ არის.
დღეს განვითარებულ მოვლენებამდე საქართველოს მორაგბეთა ჩემპიონატის ნახევარფინალური ეტაპი მსაჯების გაფიცვის გამო ჩაიშალა, თუმცა კავშირის ხელმძღვანელების და არბიტრების მოლაპარაკებების შედეგად, დიდი 10-ის ნახევარფინალები ერთი კვირის დაგვიანებით ჩატარდა, შესაბამისად ფინალისტების ვინაობაც ცნობილია, 12 ივნისს ქუთაისში ქვეყნის ჩემპიონის ტიტულისთვის ადგილობრივი "აია" და ბათუმის მორაგბეთა კლუბი იბრძოლებენ.
ავტორი: ჯემალ ფარცახაშვილი