დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ ამირან გამყრელიძის განცხადებით, მიმდინარეობს მუშაობა, რომ ქვეყნის ოთხ დიდ ქალაქში - თბილისში ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავში ივლისიდან "ამცრელი სივრცეები" ჩამოყალიბდეს.
როგორც გამყრელიძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, მოსახლეობა აიცრება დიდ სივრცეებში, მათ შორის, პავილიონებში, მოლებსა და სპორტულ დაწესებულებებში.
"ქვეყნის ოთხ დიდ ქალაქში - თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავში უნდა ჩამოვაყალიბოთ დიდი ამცრელი სივრცეები. თბილისში მინიმუმ 3 ან 4, დანარჩენ ქალაქებში თითო-თითო.
კარვებზე საუბარი არ არის, საუბარია უფრო დიდ სივრცეებზე, მაგალითად, თბილისში აქტიურად ვმუშაობთ "ექსპო ჯორჯიასთან" მათი პავილიონების გამოყენებასთან დაკავშირებით, ასევე ვმუშაობთ "ჰუალინგის ცენტრთან", რამდენიმე სპორტულ დაწესებულებასთან, სადაც დიდი დარბაზებია და მოლებთან, რომ იყოს ამ ტიპის ცენტრები გაშლილი.
ინტენსიური ვაქცინაცია ივლისიდან ყველასთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს, ეს იქნება როგორც ონლაინ დაჯავშნით, ასევე ცოცხალი რიგებით", - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.