17 ნოემბერი 2024,   00:40
ვრცლად
"საჭიროა დროულად დაიწყოს პროცესი მართლმსაჯულების რეფორმასთან დაკავშირებით" - ოპოზიცია მესამე სექტორის ინიციატივას მხარს უჭერს

მესამე სექტორის ინიციატივას, რომელიც მართლმსაჯულების ფუნდამენტურ რეფორმაზე მუშაობას და ამ მიზნით სამუშაო ფორმატის შექმნას გულისხმობს, საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი მიესალმება. მმართველი გუნდის ოპონენტები თვლიან, რომ პროცესი შეჩერებულია, რაც მათ შეშფოთებას იწვევს.

"მართლმსაჯულების საკითხთან დაკავშირებით პროცესი არის შენელებული. ამაზე ჩვენ ვესაუბრეთ ჩვენს ამერიკელ და ევროპელ პარტნიორებს, გამოვთქვით შეშფოთება, რომ საჭიროა დროულად დაიწყოს პროცესი მართლმსაჯულების რეფორმასთან დაკავშირებით,"- აცხადებს პარლამენტის ფრაქცია "შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის" თავმჯდომარე, რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე.

"ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" წევრ ანა ნაცვლიშვილის თქმით, სასამართლო სისტემის რეფორმა ინკლუზიური უნდა იყოს და საჭიროა მის განხილვაში ყველა მხარის პოზიცია დაფიქსირდეს. 

"სასამართლო არის ის თემა, სადაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ სწორად გატარდეს პროცესიც და შედეგიც. რაც შეხება მესამე სექტორის ინიციატივას, ვფიქრობ, რომ თავად მიშელის დოკუმენტშიც ცალსახად წერია და სულისკვეთებაც ასეთია, რომ რეფორმები უნდა იყოს ინკლუზიური და მოისმინონ ყველა მხარის პოზიცია,"- აცხადებს პარლამენტის ფრაქციის "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" წევრი ანა ნაცვლიშვილი.

მმართველი გუნდში კი ამბობენ, რომ სასამართლოს მიმართ ერთადერთი პრეტენზია მოსამართლეთა სიმცირეა.

"არ შეიძლება, რომ ზოგადად ქვეყანაში სასამართლო სისტემა იყოს გაჩერებული. სასამართლოს მიმართ სამართლიანი პრეტენზია რაც არის, არის ის, რომ ძალიან დიდი დრო სჭირდება საქმეების განხილვას, რადგან მოსამართლეთა კორპუსის რაოდენობა არის მცირე. ამიტომ, თუ ვინმე არის, ვინც ფიქრობს, რომ საკანონმდებლო დონეზე აქვს წინადადებები, წარმოადგინონ," - აცხადებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი. 

დღის ამბები