სესიაზე დაჩქარებული წესით კენჭი ეყრება პარტია "მოქალაქეების" ინიციატივას პოლიტიკური ჯგუფის შექმნასთან დაკავშირებით. საქმე ეხება რეგლამენტში ცვლილებას, რომელიც სპეციალურად მეათე მოწვევის პარლამენტისთვის გატარდა და ის პოლიტიკური ჯგუფის ფორმირების შესაძლებლობას 4-ის ნაცვლად ორ დეპუტატსაც აძლევს.
"მოქალაქეები" თვლიან, რომ მათი ინიციატივა არსებულ პროექტს უფრო სამართლიანს გახდის.
"ჩვენ ვამბობთ, რომ პოლიტიკური ჯგუფი ნიშნავს ერთი პოლიტიკური პლატფორმის და იდეოლოგიის გარშემო გაერთიანებულ ადამიანებს. რატომ მაინცდამაინც 4 და არა 2. პოლიტიკურ ჯგუფს თუ ვგულისხმობთ, ჩვენც ვართ პოლიტიკური ჯგუფი პარტია მოქალაქეების წარმომადგენლები - მე და ლევან იოსელიანი,“ - აცხადებს ალეკო ელისაშვილი.
ინიციატივას უმრავლესობის მხარდაჭერა აქვს. პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გურამ მაჭარაშვილი ამბობს, რომ წინადადებას საპროცედურო საკითხთა წესების კომიტეტის სხდომაზე მხარი დაუჭირეს, ასევე იგეგმება სესიაზე მისი მხარდაჭერა.