საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კომენტარი მისი წინამორბედის მიერ გაკეთებულ განცხადებებზე გააკეთა და აღნიშნა, რომ მომავალ არჩევნებში მთავრობის ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით გიორგი გახარიას განწყობები მისთვის კითხვის ნიშნებს ბადებს:
"ამ განცხადებას აქვს ლეგიტიმაციის პრობლემა და არ არსებობს ამის საფუძველი, ეს ერთი და მეორე მინდა ვთქვა, რომ ჩვენ არჩევნებზე გავალთ ძალიან ძლიერად, ყველა ოპოზიციონერმა იცის, რომ ჩვენ ყველა მუნიციპალიტეტს დამაჯერებლად მოვიგებთ, არათუ 43%, არამედ 53%-ს ველოდებით. ეს გადაეცით ყველას.
ჩვენ ვიხილეთ უპრეცედენტო ნაბიჯი მისი მხრიდან, ალბათ მსოფლიო ანალოგი არ მოიპოვება, როცა პრემიერ-მინისტრი გადადგა იმის გამო, რომ კანონი არ აღსრულებულიყო. მისი თქმით, იყო მომატებული რისკი. მას, როგორც შს ყოფილ მინისტრს უნდა ახსოვდეს, რომ ნებისმიერ ოპერაციას თან ახლავს რისკები. მით უმეტეს, ჩვენ ინფორმაცია გვქონდა, რომ იქ არავითარი შეიარაღებული დაპირისპირება არ იგეგმებოდა, იქ იყვნენ ჟურნალისტები და პოლიტიკოსები, როგორ წარმოგიდგენიათ, რომ ხელჩართული ბრძოლა ამტყდარიყო.
მაგრამ მოგეხსენებათ, რომ მან ეს გადაწყვეტილება მიიღო, მის ამ ქმედებას დაერქვა სახელი, კრიზისის დროს პრემიერ-მინისტრი, რომელიც გუნდის ლიდერი იყო მაშინ, მას უნდა აეღო პასუხისმგებლობა, როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ რამდენიმე დღეში, მე და ბატონი გომელაურის ხელმძღვანელობით ჩავატარეთ ოპერაცია უპრობლემოდ.
ჩვენ საქმიანობას თან ახლავს პასუხისმგებლობა. ჩვენი პარტიის დამფუძნებელმა ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა სრულყოფილი შეფასება და დაარქვა ყველაფერს თავისი სახელი, მათ შორის გახარიას ქმედებას, შესაბამისად მე ვერაფერს დამატებით ვერ გეტყვით," - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.