19 ნოემბერი 2024,   22:31
ვრცლად
ნინოწმინდის ყოფილი ბენეფიციარი საპატრიარქოსთან არსებულმა უნივერსიტეტმა დასაჯა - დახურულ სივრცეში მომხდარი ძალადობის კიდევ ერთი ფაქტი გასაჯაროვდა

ნინოწმინდის პანსიონის დახურულ კარს მიღმა არსებული რეალობა რამდენიმეთვიანი უშედეგო მცდელობის შემდეგ დღეს პირველად მოხვდა "კურიერის" ობიექტივში. "კურიერმა" მხოლოდ რამდენიმე წუთით შეძლო გადაეღო, რა ხდება თავშესაფრის ეზოში. კადრებში ასახულია, როგორ შედიან პანსიონში საპატრიარქოს, ჯანდაცვის სამინისტროს, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

თავშესაფრიდან გამოსულები ამბობენ, რომ მოკვლევის პროცესში ჩართული ყველა მხარის მიზანი ბავშვის საუკეთესო ინტერესს ემსახურება.

საპატრიარქოს წარმომადგენლები შეხვედრამდეც და შეხვედრის შემდეგაც მათი ინსტიტუციის ღიაობაზე ამახვილებდნენ ყურადღებას. საპატრიარქოს იურისტმა სახალხო დამცველი იმაშიც დაადანაშაულა, რომ დღევანდელ შეხვედრაში მონაწილეობის სურვილი არ გამოთქვა.

სახალხო დამცველმა საპატრიარქოს არ უპასუხა, თუმცა ნინოწმინდის პანსიონის საქმის გამოძიების ფარგლებში კიდევ ახალი დეტალები გაასაჯაროვა, რომელიც დაწესებულების ერთ-ერთ ყოფილ ბენეფიციარს ეხება. 

პანსიონის ყოფილმა ბენეფიციარმა, რომელიც ახლა საპატრიარქოსთან არსებული უნივერსიტეტის სტუდენტია, "კურიერს" მოუყვა, თუ როგორ დასაჯა ის უნივერსიტეტმა კურთხევის გარეშე პოლიციისთვის მიცემული ჩვენების გამო. მიუხედავად იმისა, რომ პანსიონის ყოფილმა ბენეფიციარმა უმაღლესი სასწავლებლიდან გამოშვება დაადასტურა, საპატრიარქოს წარმომადგენელმა ამ ისტორიასაც ტრადიციულად ჭორი უწოდა.

ნინოწმინდის პანსიონის საქმეზე გამოძიების ფარგლებში პოლიციაში ბენეფიციარების გამოკითხვა და მოკვლევა დაწესებულებაში პარალელურად მიმდინარეობს. ადგილზე 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ ფსიქოლოგები და სოციალური მუშაკები. კომისია, რომელიც დღეს პანსიონში დაახლოებით 5 საათის განმავლობაში იმყოფებოდა, ადგილზე მუშაობას ხვალაც გააგრძელებს.

დღის ამბები