17 ნოემბერი 2024,   00:31
ვრცლად
რას პასუხობს მმართველი პარტია გიორგი გახარიას - ურთიერთბრალდებების მორიგი ტალღა, რომლის სინამდვილეშიც ოპოზიციას ეჭვი შეაქვს

"როდესაც არგუმენტი არ გაქვს, უზრდელობაზე გადადიხარ, უზრდელობა ყოფილი პრემიერის მხრიდან სამწუხაროა," - პასუხის პასუხი გიორგი გახარიას ირაკლი კობახიძემ პარლამენტიდან გასცა.

"ქართული ოცნების" თავმჯდომარის თქმით, ყოფილი პრემიერის მხრიდან თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ "ოცნების" ლეგიტიმაციის პრობლემაზე საუბარი ადასტურებს, რომ გახარიას წასვლა და დაბრუნება მხოლოდ "ნაციონალური მოძრაობის" სასარგებლო პოლიტიკური თამაშის ნაწილია.

სატელევიზო ინტერვიუში გიორგი გახარიამ ირაკლი კობახიძე და საპარლამენტო უმრავლესობის სხვა ლიდერები არათანმიმდევრულობაში დაადანაშაულა. გახარია "ნაციონალებთან" თანამშრომლობაზე საუბარს აბსურდს, სავარაუდო დესტაბილიზაციის ორგანიზებაში პოლიციელებისა და ჯარისკაცების მოხსენიებას კი ინსტიტუციების უპატივცემულობას უწოდებს.

ირაკლი კობახიძის მისამართით გაკეთებულ განცხადებებს მიზანმიმართულ აგრესიად აღიქვამენ მმართველი პარტიის ლიდერები. "ოცნებაში" ამბობენ, რომ წასულ გახარიას პარტიის მოქმედი მენეჯმენტის ეფექტურობა აშინებს, რის გამოც მმართველი რგოლის ცენტრალური ფიგურის დისკრედიტაციას ცდილობს.

ექსპრემიერმა ყოფილ თანაგუნდელებს 20 ივნისის მოვლენებიც შეახსენა. ყოფილი პრემიერის ბრალდებას სიცრუეს, ივნისის მოვლენების გახარიასეულ შეფასებას კი მიზანმიმართულ ცილისწამებას უწოდებენ მმართველ გუნდში.

"ოცნების" ყოფილ და მოქმედ ლიდერებს შორის დაპირისპირების არ სჯერათ სხვა ოპოზიციურ ლიდერებს. ოპონენტების აზრით, გახარია-"ოცნების" დაპირისპირება ივანიშვილის კეთილგანწყობის მოსაპოვებლად გამართული პოლიტიკური მარათონია.

გახარიას წინააღმდეგ "ქართული ოცნებისა" და ოპოზიციის წევრთა განცხადებების საერთო პათოსი მის მიერ ახლადშექმნილი პარტიის სიძლიერის მტკიცებულებაა "ოცნებიდან" ყოფილ პრემიერთან გადასული დეპუტატებისთვის.

კობახიძისგან განსხვავებით, მოქმედი პრემიერ-მინისტრი მის წინამორბედს არ გაუკრიტიკებია. თავად ირაკლი ღარიბაშვილმა კი გიორგი გახარიას გადაგომის მიზეზი კიდევ ერთხელ შეახსენა და მის მიერ დასახელებულ რისკებზე განმარტება გააკეთა.

დღის ამბები