17 ნოემბერი 2024,   00:50
ვრცლად
ჰუმანიტარული მისია - ქართული მხარე მზადაა სომხეთ-აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებებში აქტიური ჩართულობა გააგრძელოს

ირაკლი ღარიბაშვილი მზადაა სომხეთ-აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებებში აქტიური ჩართულობა კვლავ გააგრძელოს. საქართველოსა და შეერთებული შტატების ფასილიტაციით 12 ივნისს მხარეებს შორის პირველი ჰუმანიტარული შეთანხმება უკვე შედგა.

აზერბაიჯანმა სომხეთს 15 სამხედრო მოსამსახურე საქართველოს ტერიტორიის გავლით გადასცა. სანაცვლოდ კი, სომხეთისგან ყარაბაღში დანაღმული ტერიტორიების შესახებ რუკები მიიღო. საქართველოს პრემიერ-მინისტრის თქმით, ამ ფაქტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ქვეყანას რეგიონული უსაფრთხოებისა და სტაბილურობის კუთხით კვლავ საკვანძო ფუნქცია აკისრია.

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიღწეულ შეთანხმებაში საქართველოს ჩართულობას პოზიტიურად აფასებს ოპოზიციაც. ხელისუფლების ოპონენტების აზრით, აუცილებელია ქვეყანამ რეგიონში პოლიტიკური შუამავლის ფუნქცია უფრო მეტი ინტენსივობით შეასრულოს.

მეზობელ სახელმწიფოებთან აქტიური თანამშრომლობის შედეგებს ჰუმანიტარული თვალსაზრისით უმნიშვნელოვანეს მოვლენას უწოდებენ მმართველ გუნდში. საპარლამენტო უმრავლესობაში ამბობენ, რომ პრემიერ ღარიბაშვილის უშუალო ჩართულობითა და შეერთებული შტატების მხარდაჭერით საქართველო კავკასიაში მშვიდობის გარანტის ისტორიულ ფუნქციას იბრუნებს.

ყარაბაღის კონფლიქტის დასრულების შემდეგ, სომხეთ-აზერბაიჯანს შორის ერთ-ერთი მასშტაბური ჰუმანიტარული აქტი, გუშინ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლის ფილიპ რიკერისა და პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის მედიაციით მოხერხდა. ქართული მხარე ჰუმანიტარული მისიის გაგრძელებას სამომავლოდ უფრო აქტიურად გეგმავს. 

დღის ამბები