24 აპრილი 2024,   05:30
ვრცლად
სასიკვდილოდ დაჭრილი მამაკაცი მიტოვებული სახლიდან გამოვიდა და რამდენიმე წუთის განმავლობაში შველას ითხოვდა - ბოლნისში მომხდარი მკვლელობის დეტალები

ბოლნისის ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩას სისხლიანი დაპირისპირების კვალი ამ დრომდე ეტყობა. საღამოს 8 საათისთვის დაწყებულ კონფლიქტში, სავარაუდოდ, 50-მდე პირი მონაწილეობდა. ამას "კურიერს" ადგილობრივები უყვებიან. ამბობენ, რომ ქუჩაში დაწყებული სიტყვიერი შელაპარაკება ერთ-ერთ მიტოვებულ სახლში გაგრძელდა, სადაც რამდენჯერმე გაისროლეს. სასიკვდილო ჭრილობა 38 წლის მამაკაცმა მიიღო.

მამაკაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან გულ-მკერდის არეში ესროლეს, რის შემდეგაც ის მიტოვებული სახლიდან გამოვიდა და რამდენიმე წუთის განმავლობაში შველას ითხოვდა. ადგილობრივებმა სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს, თუმცა დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

ადგილზე მთელი დღის განმავლობაში მუშაობდნენ ექსპერტ-კრიმინალისტები. სამართალდამცველები სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებას ატარებდნენ. პოლიციის წარმომადგენლებმა ექსპერტიზაზე ერთი ავტომობილი გადაიყვანეს.

მოკლულის ნათესავები ამბობენ, რომ 38 წლის მამაკაცს აქამდე შელაპარაკება და კამათი არავისთან ჰქონია. ამბობენ, რომ კონფლიქტის მონაწილე პირებს არ იცნობენ და ისინი ადგილობრივები არ არიან.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯერჯერობით არავინ დაუკავებია. უწყებაში ამბობენ, რომ გამოძიება 108-ე განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.

ამავე თემაზე
დღის ამბები