03 მაისი 2024,   15:04
ვრცლად
უკრაინიდან საქართველოში დეპორტირებულ ე.წ. კანონიერ ქურდს ვატო ყიფიანს​ ბრალს დღეს ოფიციალურად წარუდგენენ

ვატო ყიფიანი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. კრიმინალურ ავტორიტეტს გამოძიება ძმები ფეიქრიშვილების ავტომობილის აფეთქების მომზადებას ედავება, რაზეც ჯერ კიდევ გასული წლის იანვარში საქართველოში 6, უკრაინაში კი ერთი პირი დააკავეს. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 18-109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც მკვლელობის მომზადებას გულისხმობს.

ამ საქმეზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში კრიმინალური ავტორიტეტი მიმდინარე წლის მარტში გამოიკითხა. ადვოკატის ინფორმაციით, ვატო ყიფიანი ძმები ფეიქრიშვილების ავტომობილის აფეთქების მზადებასთან ყოველგვარ კავშირს გამორიცხავს.

გუშინ "კურიერში" შეცდომით გავიდა სხვა გახმაურებული საქმის ვიდეოკადრები, რომელსაც კავშირი არ აქვს ფეიქრიშვილების საქმესთან და ვატო ყიფიანის დაკავებასთან.

გამოძიების ინფორმაციით, ფეიქრიშვილების აფეთქებას ბრალდებულები ავტომობილში გეგმავდნენ. ძმებს თბილისში ტყუპების სახელით იცნობდნენ, ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მათი ლიკვიდაციის შეკვეთა უკრაინიდან სწორედ ვატო ყიფიანმა დაგეგმა.

კურიერმა გაარკვია, რომ ამ საქმეზე ვატო ყიფიანი სუს-ში უკვე დაიკითხა და სახელმწიფო უსაფრთხოებსი სამსახურში მისი ჩვენებაც დევს, სადაც კრიმინალური ავტორიტეტი ძმები ფეიქრიშვილების აფეთქების მცდელობასთან ყოველგვარ კავშირს უარყოფს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ ვატო ყიფიანის დაკავებას და აცხადებენ, რომ გამოძიება 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც მკვლელობის მომზადებას გულისხმობს.

დღის ამბები