შეერთებული შტატების სენატის საგარეო კომიტეტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა.
დოკუმენტში სენატი "ქართულ ოცნებას", "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" და საქართველოს პარლამენტში არჩეულ სხვა პარტიებს მოუწოდებს სრულად განახორციელონ 19 აპრილის შეთანხმება.
აღნიშნულ დოკუმენტს ქართულ პოლიტიკურ სპექტრში არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა.
ენმ-ში დოკუმენტზე ხელმოწერას არ გამორიცხავენ, თუ "ქართული ოცნება" საკუთარი ინიციატივით დარეგისტრირებულ კანონპროექტს ამნისტიაზე უკან გაიწვევს. პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" წევრი ნონა მამულაშვილი მიიჩნევს, რომ რეზოლუციაში აქცენტი "ქართულ ოცნებაზეა" და თვლის, რომ პასუხისმგებლობა მმართველ ძალას ეკისრება.
მმართველ გუნდში კი საპირისპიროს ფიქრობენ. თუმცა, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი აცხადებს, რომ კონსენსუსს მხარეებმა ერთობლივად უნდა მიაღწიონ.
"მოწოდება არის, რომ ყველა შემოუერთდეს 19 აპრილის ხელშეკრულებას. არის საკითხები, რის გარშემოც კონსენსუსის მიღწევა შესაძლებელია,"- აღნიშნა ქადაგიშვილმა.
რეზოლუციაში სენატი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას დაინერგოს სისტემური რეფორმები, რომელიც შემუშავებულია დაინტერესებულ მხარეებთან ინკლუზიური და გამჭვირვალე კონსულტაციების გზით, იმისათვის, რომ სასამართლო სისტემა იყოს მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი.