17 ნოემბერი 2024,   00:34
ვრცლად
პარლამენტის რიგგარეშე სხდომა პრემიერ-მინისტრის მიერ წარდგენილი ანგარიშით გაიხსნება

პარლამენტის რიგგარეშე სხდომა პრემიერ-მინისტრის მიერ წარდგენილი ანგარიშით გაიხსნება. სხდომას მინისტრთა კაბინეტის წევრებიც დაესწრებიან. რიგგარეშე სხდომაზე იქნება სიტყვით გამოსვლები.

"პოლიტიკურ გამოსვლებში გვექნება შეფასება, რეალურად რა ხდება დღეს ქვეყანაში და როგორ ცხოვრობენ ამ ქვეყანაში მაცხოვრებელი ადამიანები და არა ისე, რაზეც ისაუბრა პრემიერმა და ფაქტობრივად, მან როგორც ჩვენი ქვეყანა წარმოაჩინა, ჩვენ ვყოფილვართ ყველაზე წარმატებული ქვეყანა, მაგრამ დღეს აქაც და ნებისმიერ ადგილზე, საქართველოში რომ გადავხედოთ, მთავარი, რაც დღეს ხდება აქ, ეს არის უკიდურესი გაჭირვება, რომელზეც პასუხისმგებელიც პირდაპირ არის საქართველოს მთავრობა," - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია ენმ-ს თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი ბოტკოველმა.

როგორც პარლამენტის ფრაქცია "შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის" თავმჯდომარის მოადგილემ პაატა მანჯგალაძემ განაცხადა, ქვეყანაში პროგრესი არც ერთი მიმართულებით არ აღინიშნება. მისივე თქმით, ქვეყანაში უმაღლესი ინფლაციაა, ვალი გაზრდილია და თავის მოსაწონებელი არაფერი გვაქვს.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გია ვოლსკი ხვალინდელ მოლოდინებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ თემატურ საკითხებზე განცხადებების გაკეთება აუცილებელია.

"ხვალინდელ მოლოდინს რაც შეეხება, მე ვფიქრობ, რომ აუცილებელია თემატურ საკითხებთან დაკავშირებით კვლავ განცხადებების გაკეთება, კომიტეტების განცხადებებს ველოდებით, მაგრამ საზოგადოებას მოვუწოდებ, რომ ამ საკმაოდ არაჯანსაღი ხასიათის დებატების მიღმა ამოიკითხონ ის მნიშვნელოვანი ნაწილი, რასაც ჰქვია საქართველოს გადარჩენა და გასვლა სამშვიდობოს, როდესაც ესოდენ ბევრია საგარეო და საშინაო გამოწვევა," - განაცხადა გია ვოლსკიმ.

დღის ამბები