17 ნოემბერი 2024,   02:01
ვრცლად
რუსეთის ჰიმნი, შეძახილები, ურთიერთბრალდებები - პრემიერის საპარლამენტო ვიზიტს ხმაურიანი განცხადებების გარეშე არც დღეს ჩაუვლია

რუსეთის ჰიმნი, შეძახილები, ურთიერთბრალდებები, პოლიტიკური წარსულის შეხსენება და ქვეყნის მომავლის გეგმა - პრემიერის საპარლამენტო ვიზიტს სხდომათა დარბაზში ხმაურიანი განცხადებების გარეშე არც დღეს ჩაუვლია.

რუსეთის ჰიმნი პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე პრემიერ-მინისტრის ყოველწლიური ანგარიშის მოსმენის დღეს "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა გააჟღერეს. ოპოზიციური პარტიის ეს ჟესტი დღეს პარლამენტის წევრების მხრიდან მწვავე კრიტიკის საფუძველი გახდა. ეს ქმედება საპარლამენტო ტრიბუნიდან ანტისახელმწიფოებრივ ქმედებად, მმართველი გუნდის წევრებთან ერთად, ოპოზიციის ნაწილმაც შეაფასა.

კოლეგების კრიტიკას საპარლამენტო დარბაზიდან თავად "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა არ უპასუხეს. 

მთავრობის მეთაურს ეკონომიკური პროცესების საილუსტრაციო ბანერებით დახვდა გიორგი ვაშაძე. "სტრატეგია აღმაშენებელის" ლიდერმა ქვეყანაში საშუალო ხელფასის, ინვესტიციების სიმცირისა და საგარეო ვალის მოცულობის ზრდაზე გააკეთა აქცენტი. ვაშაძის კრიტიკას ციფრებით მანიპულირება და მოსახლეობის მიზანმიმართული შეცდომაში შეყვანა უწოდეს "ქართულ ოცნებაში."

კიდევ ერთი დაპირისპირება დღეს მამუკა ხაზარაძესა და გია ვოლსკის შორის მოხდა. ხაზარაძემ ვოლსკი ანაკლიის საკითხთან დაკავშირებით ცილისწამებაში დაადანაშაულა, რის გამოც სასამართლოში უჩივის. პარლამენტის ვიცესპიკერმა კი თავის მხრივ ოპონენტს მისი საბანკო საქმიანობა შეახსენა.

მამუკა ხაზარაძისა და რომან გოცირიძის ბრალდებებს შემაჯამებელ გამოსვლაში პრემიერ-მინისტრმაც უპასუხა.

თითქმის შვიდსაათიანი პროცესი პარლამენტში პრემიერ-მინისტრის დასკვნითი გამოსვლით დასრულდა. 

დღის ამბები