04 მაისი 2024,   16:45
ვრცლად
არასრულწლოვნებზე სექსუალური ძალადობის 368 ფაქტი სასულიერო პირების მხრიდან - პოლონეთის კათოლიკური ეკლესია პედოფილიის შემთხვევებს ადასტურებს

პოლონეთის კათოლიკურ ეკლესიას კვლავ პედოფილიაში ადანაშაულებენ. გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 2018-2020 წლებში ეკლესიამ სასულიერო პირების მიერ სექსუალური ძალადობისა და არასრულწლოვნების მიმართ ძალადობის შესახებ 368 ბრალდება მიიღო.

საუბარია როგორც მრავალი წლის წინ, ასევე ახლო პერიოდში მომხდარ ინციდენტებზე.

ბრალდებების 39% ეკლესიამ დაადასტურა და დასაბუთებულ ბრალდებად მიიჩნია, საჩივრების 10% უარყო, დანარჩენზე კი გამოძიება მიმდინარეობს.

პოლონეთის მაღალმა სასულიერო პირმა, არქიეპისკოპოსმა ვოიცეჰ პოლაკმა დაზარალებულებს ბოდიში მოუხადა:

"როგორც ბავშვთა და ახალგაზრდების დაცვის საეპისკოპოსო კონფერენციის დელეგატმა მინდა მივმართო დაზარალებულებს და მათ, ვინც ძალიან აღშფოთებულია ეკლესიაში არსებული ბოროტების გამო და კიდევ ერთხელ მინდა ყველას ბოდიში მოვუხადო," - განაცხადა ვოიცეჰ პოლაკმა.

გასული წლიდან ვატიკანმა არასრულწლოვნების მიმართ სექსუალური ძალადობის ფაქტების დამალვის გამო 4 პოლონელი ეპისკოპოსის მიმართ სანქციები აამოქმედა, ორი სასულიერო პირი კი ეკლესიიდან განკვეთეს.

დღის ამბები