17 ნოემბერი 2024,   01:47
ვრცლად
საკონსტიტუციო ცვლილებები პარლამენტში დარეგისტრირებულია

საკონსტიტუციო ცვლილებები პარლამენტში დარეგისტრირებულია. პროექტის ინიცირებისთვის, რომელიც მომავალ კვირას მოხდება, დოკუმენტს ხელი 91-მა დეპუტატმა მოაწერა.

ცვლილებებს მხარს უჭერს ოპოზიცია და მის მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას. მის საბოლოოდ დასამტკიცებლად პარლამენტს საკონსტიტუციო უმრავლესობა, 113 ხმა დასჭირდება.

"მზად ვართ, საკონსტიტუციო ცვლილებებს დავუჭიროთ მხარი, იმიტომ, რომ ბევრი პოლიტიკური პარტიისთვის, განსაკუთრებით მცირერიცხოვანი პარტიებისთვის ეს საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია, 2%-იანი ბარიერის. ამავდროულად, საუბარი არის გენპროკურორის თანამდებობაზე მაღალი კვორუმის დაწესებაზე. ეს ის საკითხებია, რომელიც სხვა ოპოზიცურ პარტიებთან ერთად, ჩვენს ინტერესებშიც არის,“ - აცხადებს ენმ-ს წევრი ლევან ბეჟაშვილი. 

საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით საუბრობს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გურამ მაჭარაშვილი.

"მე-9 მოწვევიდან დაწყებული საპარლამენტო ოპოზიციისთვის ძალიან ბევრი ბერკეტები შევქმენით იმისათვის, რომ მათ ეს გამოიყენონ, ასევე არის ეს ცვლილებებიც იმისათვის, რომ პარლამენტის 4 წევრისგან შეიძლება შედგებოდეს ფრაქცია, ასევე ბარიერი საკმაოდ მნიშვნელოვნად იწევს, 5%-დან 2%-მდე. მცირე მხარდაჭერის მქონე პარტიებისთვის ეს არის საკმაოდ მნიშვნელოვანი,“ - აცხადებს უმრავლესობის წევრი გურამ მაჭარაშვილი.

რეგლამენტის მიხედვით, კენჭისყრის წინ საკომიტეტო მოსმენები და ერთთვიანი საყოველთაო განხილვა შედგება. საკონსტიტუციო ცვლილებები მომდევნო ორი საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო ბარიერი 2%-მდე დაწევას, ფრაქციის შექმნისთვის საჭირო დეპუტატთა რაოდენობის შემცირებას და გენ. პროკურორის არჩევისთვის საჭირო კანონმდებელთა სრული შემადგენლობის სამი მეხუთედის უმრავლესობას ითვალისწინებს. 

 

დღის ამბები